ლინას ლინკევიჩუსი: დონბასში ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთებული ვართ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის მცდელობასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც მინისტრმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, „ახალი სამხედრო ესკალაციით და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების მხრიდან, ზოლოტოის რაიონში საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის მცდელობის გამო, ძალიან შეშფოთებული ვართ. მინსკის შეთანხმების რეალიზება, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, შეუძლებელი იქნება“.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების დღევანდელი შეტევა, დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ემსახურება.
მისივე თქმით, უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამომავლო ნაბიჯები განიხილება.
დონბასში, გამთენიისას რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, უკრაინის სამხედრო პოზიციების მისამართით, ცეცხლი გახსნეს. მათ, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის მცდელობაც ჰქონდათ.
როგორც უკრაინის გენშატბში განაცხადეს, ვითარების ესკალაციის შედეგად, უკრაინის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა. გენშატბში ასევე აღნიშნავენ, რომ იერიშის შედეგად, უკრაინულ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს.