გორში პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობის გაზრდა იგეგმება
სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიზნით, გორში პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობის გაზრდა იგეგმება. ახალი საპარკინგე სივრცეების შესარჩევად მუშაობა დაწყებულია.
გორში პარკირების სისტემა 1 ოქტომბრიდან მოქმედებს, საჯარიმო სანქციები კი 1 ნოემბრიდან ამოქმედდა. მანამდე, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია, რომელის ფარგლებშიც პარკირების ინსპექტორებმა მძღოლებს პარკირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნეს და ფლაერები დაურიგეს. დღეის მდგომარეობით პარკირების საშვი 1480 მოქალაქეს აქვს შეძენილი. ამ დროისთვის პარკირების წესის დარღვევისთვის 1000-ზე მეტი ავტომფლობელია დაჯარიმებული, მათგან დაახლოებით 60%-ს საჯარიმო თანხა გადახდილი აქვს.
პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლებულია პარკირების საფასურის გადახდისგან. პარკირების გადასახადისგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. სპეციალური საშვის ასაღებად მათ გორის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ.