საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა
სასტუმრო „Tbilisi Marriot”-ში, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზების“ ხელმძღვანელებს შორის, 11 თებერვალს, შეხვედრა გაიმართა.
როგორც “კვირას” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, შეხვედრაში ასევე რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული სახელმწიფო და კერძო კომპანიები – დსს „აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო“, დსს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტი“, დიუბენდისა და ბათუმის ნავთობტერმინალები მონაწილეობდნენ.
თურქმენული ნავთობის და ნავთოპროდუქტების საქართველოს დერეფნის გავლით სეზონური ტარიფებით გადაზიდვის განხორციელების მიზნით შეხვედრის ინიცირება საქართველოს რკინიგზის მიერ მოხდა. მხარეებმა აღნიშნული ტვირთების პერმანენტული გადაზიდვისათვის “ვოლგა დონის” საზღვაო მარშრუტთან მიმართებაში სეზონური და გამჭოლი ტარიფის შეიმუშავეს, რითაც წლის განმავლობაში “ვოლგა დონის” მარშრუტთან კონკურენცია შესაძლებელი გახდა.
ინტენსიური განხილვის შედეგად, ინიცირებულ საკითხზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით თურქმენული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისათვის კონკურენტული, ერთიანი ტარიფები შეთანხმდა. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს და ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა.