გურამ ნიკოლაშვილი გიგი უგულავას საქმეზე: იმედია, მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც ასეთ ბრალდებაზე უმარტივესად გამოიტანს ვერდიქტს

რატომ ითხოვდა პროკურატურა 2013 წლიდან 48 მილიონი ლარისთვის გაფლანგვის კვალიფიკაციას და აღსრულდა თუ არა სამართლიანობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით – თბილისის განვითარების ფონდიდან გაფლანგული მილიონების საქმეზე საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ნიკოლაშვილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, დღევანდელ სპეკულაციასთან ერთად, ვისმენთ წარმოუდგენელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ უგულავა ორჯერ გასამართლდა ერთი და იმავე ბრალდებით. სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი კი სწორედ ამის დაუშვებლობას ეფუძნება.

მისი თქმით, თუკი ამ განცხადების ავტორები მართლა თვლიან, რომ ეს პრინციპი დარღვეულია ყოფილი მერის საქმეში, ისინი იმედია, მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც ასეთ ბრალდებაზე უმარტივესად გამოიტანს ვერდიქტს.

„საინტერესოა, გამოიყენებს თუ არა დამნაშავე მხარე ამ მექანიზმს. ასევე, საინტერესოა უგულავას საქმის დეტალები, თუ 2013 წლიდან მოყოლებული, რატომ ამტკიცებდა პროკურატურა ჯიუტად, რომ საქმე აუცილებლად გაფლანგვის მუხლით უნდა ყოფილიყო კვალიფიცირებული, ნაცვლად სამსახურებრივი გულგრილობისა და რა იყო დაცვის მხარის შესაგებელი უზენაეს სასამართლოში”, – ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, გიგი უგულავას საქმის დასრულებამ და ბრალდების სრულად დაკმაყოფილებამ, რასაც მოჰყვა უგულავას ციხეში დაბრუნება სასჯელით გათვალისწინებული ვადის მოსახდელად, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმამაღალი პოლიტიკური შეფასებები და რეაქცია გამოიწვია.

„ფონდის საქმე, ასე ვუწოდებთ 2012 წელს თბილისის ბიუჯეტის ძარცვის ოპერაციას, როდესაც ჯგუფური ორგანიზებით, ქალაქის მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ და მასზე დაქვემდებარებულმა პირებმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 48 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგეს. გიგი უგულავასა და მისი ხუთი მაღალჩინოსანი თანამშრომლის მიერ 2011 წლის ნოემბერში შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც თბილისის განვითარების ფონდში ფიქციურად გაფორმდა 719 ადამიანი და დამზადდა მათი სახელფასო ბარათები. პარტიულ კოორდინატორებზე ამ საშუალებით გაფლანგულმა თანხამ 13 მილიონს გადააჭარბა, ხოლო პირდაპირი სახით ფონდის ანგარიშიდან 34 მილიონ ლარზე მეტი გამოიტანეს.

ამ საქმის გახსნა, ისევე როგორც სხვა არაერთი დანაშაული, რაც „ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს იქნა ჩადენილი, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლამ განაპირობა. ვინაიდან „ნაცმოძრაობა” 2012 წელს საერთოდ არ აპირებდა ხელისუფლების დათმობას, მის შესანარჩუნებლად ყველა მეთოდს მიმართავდა, იმ გათვლით, რომ არასოდეს დადგებოდა განკითხვის დღე. 1-ელ ოქტომბერს ეს დღე დადგა და დაიწყო ხანგრძლივი, სტრასბურგამდე ჩასული, მრავალინსტანციიანი სასამართლო პროცესები. დამნაშავეებისთვის ხელისუფლებაში ყოფნის ჯავშანი შეცვალა ოპოზიციონერთა მანტიამ. პოლიტიკასა თუ მედიაში ყოფნა ჩაითვალა იმუნიტეტად, რასაც ყოფილი მოძალადეები უნდა გაეთავისუფლებინა სასჯელისგან ან შეემსუბუქებინა მაინც განაჩენის სიმძიმე. სხვათა შორის, საინტერესოა იმის დათვლა, სააკაშვილისდროინდელი დანაშაულის შეკრებითობის პრინციპის გამოყენებით, რაც „ქართულმა ოცნებამ” გააუქმა, რამხელა საპატიმრო ვადებს მიიღებდნენ გასამართლებულები”, – აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.

ამასთანავე, მისი თქმით, პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვებას კიდევ ერთი ოდიოზური ფიგურა – ნიკა გვარამია ცდილობს.

„კიდევ ერთი ოდიოზური ფიგურა, 7 ნოემბრის ერთ-ერთი გმირი, ტელეკომპანია „იმედისა” და ბადრი პატარკაციშვილის პირადი ჯალათი ნიკა გვარამია, რომელიც პარტიულ მედიამაუწყებლობად ტრანსფორმირდა, ანალოგიურად ცდილობს პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვებას. სასამართლოში სიარული გვარამიას ფინანსური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით უწევს. რაკი პოლიტიკურმა ტემპერატურამ ისევ აიწია, მან კვლავ ნაცად ხერხს მიმართა და პროცესებზე არდასწრების გზით სასამართლოს საბოტირება გადაწყვიტა. არადა სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2″-ის საქმეში ცხადად და მკაფიოდ მიუთითა პერსონალურად გვარამიას, რომ მოსამართლეებზე თავდასხმა და შეურაცხყოფა ცალსახად ადასტურებს მართლმსაჯულებისადმი ხელის შეშლას. მის საქმეზე რაიმე განაჩენი აუცილებლად დადგება, მცდელობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება მაქსიმალურად ახლოს იყოს არჩევნების თარიღთან, რათა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური დევნის დაბრალების ახალი სპეკულაცია გაჩნდეს, უკვე იოლად გასაშიფრი მცდელობაა”, – აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები