ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად ვართ, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენ დიალოგისთვის მზად ვიყავით. ასევე ვიქნებით მზად დიალოგისთვის, რადგან ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის მართვაში გვაკისრია. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამის ფარგლებში, ოპოზიციას კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ რჩევებს და სწორედ ამ რჩევიდან გამომდინარე ვსხედვართ მოლაპარაკებათა მაგიდასთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას, ოხანაშვილი თვლის, რომ უგულავას საქმე ოპოზიციამ დიალოგისთვის უარის საბაბად გამოიყენეს.

„თუ ვინმეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება აწყობს, ეს თავად უგულავა და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, რადგან ეს დიალოგის მაგიდიდან წასვლისთვის საბაბად გამოიყენეს. თუ ეს ყველაფერი ვინმეზე პოლიტიკურად საზიანოდ მოქმედებს, ეს მმართველი გუნდია. ჩვენ გვიწევს პასუხების გაცემა იმაზე, სასამართლომ რატომ გამოიტანა ეს გადაწყვეტილება გუშინ, თუ დღეს. პოლიტიკურად მოტივირებული შეიძლება უწოდო საქმეს, რომელიც დაიწყო 2019 ან 2020 წელს? მას ეს ბრალი 2013 წელს წარედგინა. იცით, რომ უზენაეს სასამართლოში ელექტრონული საქმის განაწილებაა. რა უნდა გვეთქვა, უზენაესმა სასამართლომ დღეს და ხვალ რაიმე გადაწყვეტილება არ გამოიტანოთ-თქო? ჩვენ უნდა ჩავერიოთ სასამართლო სისტემაში? ეს ადამიანები ყველა კითხვას ჩიხში მიჰყავს. არანაირი სამართლებრივი ხარვეზი ამ საკითხებთან მიმართებაში არ არის. უგულავას ვთავაზობთ, დაცალოს ეს საქმე პოლიტიკისგან და მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თუ ხედავენ, რამე სამართლებრივ ხარვეზს, ეს საქმე გადაიტანონ სტრასბურგში და პოლიტიკური დიალოგი განაგრძონ პოლიტიკურ სივრცეში. პასუხი კომპრომისულ გამოსავალზე არ მიგვიღია. გაგვცენ პასუხი, რაში ხედავენ პრობლემას. თუ მართლა მოწადინებულები არიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასაჯდომად, ამას ვთავაზობთ. ჩვენი ინტერესია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა, ვინაიდან არჩევნები ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს და არ გაჩნდეს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა მოგვიწევს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები