აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

ოკუპირებულ აფხაზეთში გამეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. „დღეს დასრულდა კანდიდატურების წარდგენის ვადა“, – განაცხადეს ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციაში.

„საპრეზიდენტო კანდიდატების“ რეგისტრაცია 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

საარჩევნო კომისიის მდივნის ანუშ ხოჯიკიანის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ასლან ბჟანიას კანდიდატურა წარადგინა, მეორე კანდიდატია ე.წ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, მესამე კანდიდატი კი, პარტია „აკზაარიდან“ (ერთობა), ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბაა.

სოხუმის ადმინისტრაციის დე ფაქტო მეთაურმა ქან კვარჭიამ, რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი, დღეს „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ასევე აღარ აპირებს მონაწილეობას დე ფაქტო ექსპრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

ცნობისთვის, კანდიდატების რეგისტრაცია 22 იანვარს დაიწყო და დღეს 18:00 საათზე დასრულდა.

როგორც ცნობილია, 12 იანვარს, ოპოზიციის ოთხდღიანი პროტესტის შედეგად, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა და „საპრეზიდენტო არჩევნები“ 22 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის „არჩევნებში“ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები