ახალციხეში, მამაკაცი, რომელმაც გუშინ მეუღლის გაგუდვა სცადა, დღეს დილით, ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” გარდაცვლილის მეზობლები ჰყვებიან, აღნიშნულ ინციდენტამდე ოჯახში ძალადობის ფაქტები საკმაოდ ხშირი იყო, თუმცა ასეთ სავალალო შედეგს არ ელოდნენ.
“ხშირად ჩხუბობდნენ, ცოლიც უცემია რამდენჯერმე, მაგრამ არაფერს ამბობდა. მეზობლებს მაგ ოჯახთან ხშირი მიმოსვლა არ გვქონია, ამიტომ დეტალებიც ნაკლებად ვიცით. გარდაცვალების ამბავიც დღეს, ჟურნალისტებისგან გავიგეთ“,-ამბობენ მეზობლები.
მომხდარზე საუბრობენ ოჯახის ნათესავებიც. მათი თქმით, გარდაცვლილი გაწონასწორებული და დინჯი პიროვნება იყო. ნათესავებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა.
“არ ვიცი ეს ბიჭი ცოლმა იმ დონემდე როგორ მიიყვანა, რომ ჯერ მისი მოკვლა სცადა და მერე თავი ჩამოიხრჩო. ძალიან გაწონასწორებული და დინჯი პიროვნება იყო. ნათესავებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ალბათ აფექტის მდგომარეობაში სცადა ქალის მოგუდვაც და არც იცოდა მეუღლე გადარჩა თუ დაიღუპა“,– ჰყვებიან “რეგიონულ კვირასთან“ ნათესავები.
ცნობისთვის, ახალციხეში ქმარმა, შვილების თვალწინ, ცოლის დახრჩობა სცადა და სახლიდან გაიქცა. ოჯახური ძალადობის ფაქტი 10 თებერვალს მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, შემდეგ კი ქალი კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს. ქალის ნათესავების ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტები ხშირად ხდებოდა, მაგრამ აქამდე გახმაურებული არ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.