აუდიტის ინფორმაციით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მძღოლების უმეტესობა ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს – რა პასუხი აქვთ კომპანიაში?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც უსაფრთხოების რისკებს შეიცავს.

როგორც აუდიტის დასკვნაშია მითითებული, სატრანსპორტო კომპანიაში 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6,499 დასაქმებულიდან აუნაზღაურდა 3,349-ს, ხოლო 2018 წელს – 6,649 დასაქმებულიდან − 3,446 პირს.

ამასთან, 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1,398-დან 1,379- მა მძღოლმა, ხოლო 2018 წელს – 1,438-დან 1,420-მა მძღოლმა.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში კომპანიაში დასაქმებული მძღოლების სამუშაო საათები დღეში 17 საათს შეადგენს.

„კომპანიაში დასაქმებული მძღოლების უმეტესობა კვირაში ზოგჯერ მუშაობს 48 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით. აღნიშნული პრინციპი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება „საქართველოს შრომის კოდექსის“ ძირითად მოთხოვნას და მეორე მხრივ, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია“, -აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის დასკვნას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში პასუხობენ.

როგორც “კვირას” კომპანიაში განუცხადეს, აუდიტის დასკვნაში გარკვეული ხარვეზებია, თუმცა ადასტურებენ რომ გარკვეულ გარემოებათა გამო მძღოლებს მართლაც უწევთ დღის განმავლობაში 15-16 საათი მუშაობა.

„მძღოლებთან დაკავშირებით არის შემდეგი მდგომარეობა და ეს განმარტებები აუდიტის სამსახურსაც მივაწოდეთ. მძღოლები დღეს მუშაობენ დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში უწევთ 15-16 საათი მუშაობა. შრომის კოდექსის სრული დაცვით მათ ეძლევათ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაც. ასე რომ საუბარი შრომის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია“, – აცხადებს სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი.

მისივე თქმით, კომპანიის ინტერესებშია, რომ მძღოლები იყვნენ დასვენებულები და დედაქალაქის მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო სერვისი შესთავაზონ. შარკოვის განმარტებით, საერთაშორისო კომპანიებთან და კონსულტანტებთან ერთად დაწყებულია მუშაობა იმისათვის, რომ მოხერხდეს 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება, კერძოდ ავტობუსის ბაზების რეაბილიტაცია-მოწესრიგება.

შარკოვის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება ბაზების რეკონსტრუქციაზე ტენდერის გამოცხადება და სავარაუდოდ წლის ბოლოსათვის უკვე შესაძლებელი იქნება 8 საათიან სამუშო გრაფიკზე გადასვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები