ვახტანგ ძაბირაძე: თუ ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე ვერ შეთანხმდნენ, არჩევნებამდე ძალიან მძიმე, რადიკალური პროცესებით მივალთ
თუ ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე ვერ შეთანხმდა, მაშინ არჩევნებამდე ძალიან მძიმე, რადიკალური პროცესებით მივალთ, – ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას ოპოზიციურ ფლანგზე შექმნილი რთული ვითარების ფონზე ცდილობს.
“ქართულ ოცნებას” სტრატეგიული მიზნები უკვე აღარ აქვს, ახლა მისთვის მიმდინარე მოვლენებია მნიშვნელოვანი, უპირველესად კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნები. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბად იქცა ოქტომბერში ძალაუფლების შენარჩუნება, შორს მიმავალ გეგმებზე “ქართული ოცნება” ვერ და არ ლაპარაკობს. ეს ყველაფერი ფარსი იყო- ის, რომ თურმე ხუნდაძე და დეპუტატთა ჯგუფი წავიდნენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, მაგრამ მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, არსებული საარჩევნო სისტემა შეენარჩუნებინათ, რომ ამაზე წავიდნენ. ამ ყველაფერს შიდაპარტიული დემოკრატიის ელფერი შესძინეს და ასე წარუდგინეს ჩვენს საზოგადოებასაც და დასავლელ პარტნიორებსაც. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონში ვიზიტის დროსაც მაგას ამტკიცებდნენ- ეს ყველაფერი დემოკრატიული პროცესია და ჩვენ ვერაფერს გავხდითო. სპექტაკლი გაითამაშეს, რომელსაც დემოკრატიად ასაღებენ.
რაც შეეხება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისა და “ქართული ოცნების” პერსპექტივას, ეს ძალა გამარჯვების შანსს კვლავაც ინარჩუნებს და ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი რეიტინგის დაცემის პარალელურად, ოპოზიციის რეიტინგი არ იზრდება. დღეს რომ იყოს რომელიმე ოპოზიციური ჯგუფი, რომლის რეიტინგიც სახელისუფლებო ძალის რეიტინგის პარალელურად გაიზრდებოდა, მაშინ “ქართულ ოცნებას” სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა.
ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან რთული ვითარებაა და სწორედ ამის ხარჯზე ცდილობს “ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას. ამას უკვე თვითონაც აღიარებენ.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ორგანიზებულია და დასავლური ქვეყნების ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები საკუთარ თავზე იღებენ არა მარტო შეკრებების ორგანიზებას, არამედ მომრიგებლის ფუნქციასაც. ამ დახურულ შეხვედრებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, კომპრომისზე წასვლა მნიშვნელოვანია არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნისთვისაა აუცილებელი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა. თუ ერთი მხრივ, გერმანული მოდელის ქართულ ვერსიას და მასზე ეუთო/ოდირის დასკვნას გავითვალისწინებთ, მეორე მხრივ კი “ქართული ოცნების” წინადადებას, რაც პროპორციული და მაჟორიტარული წესით მანდატების შემდეგ გადანაწილებას გულისხმობს – 100/50, ვფიქრობ, შეთანხმებისთვის სივრცე საკმაოდ ვრცელია. თუმცა კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა სცადოს. თუ რომელიმე მხარე კატეგორიულ პოზიციაზე დარჩება, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ.
თუ ოპოზიციამ მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე დაიწყო ლაპარაკი, ამით ვერაფერს მიაღწევს. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ არჩევნებამდე ძალიან მძიმე, რადიკალური პროცესებით მივალთ, არა მარტო პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებით, არამედ ამომრჩევლებს შორისაც, რაც ძალიან სახიფათო იქნება ქვეყნისთვის არჩევნებამდე და მის შემდგომაც”,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.