აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოსახლეობამ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს – “მილი მეჯლისის” 125 დეპუტატი უნდა აირჩიოს.
საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დღეს, დილის 07:45 საათზე გაიხსნა. პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა 8:00 საათზე შეძლო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაზახინ პაჰანოვის თქმით, დეპუტატის მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძვის, აქედან 305 უპარტიოა.
დარეგისტრირებულ კანდიდატთა შორის, 79% მამაკაცია, 21% კი – ქალი.
რაც შეეხება ამომრჩევლებს, ცესკო-ს ცნობით, ხმის მიცემას საერთო ჯამში 5 329 460 ადამიანი შეძლებს. საარჩევნო უბნები საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.
აზერბაიჯანის დღევანდელ საარჩევნო პროცესში 77 790 დამკვირვებელია ჩართული. ცესკო-ს განცხადებით, მათ შორის 35 152 ქვეყანაში არსებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან. პანაჰოვის თქმით, აკრედიტაცია საარჩევნო პროცესში 58 ქვეყნის 883-მა საერთაშორისო დამკვირვებელმა გაიარა.
არჩევნებს დააკვირდება ეუთო-ს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებიც.
არჩევნებს 132 ქვეყნის მედიასაშუალება აშუქებს, მათ შორის საქართველოდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და სხვ.
საღამოს 19:00 საათზე აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესკონფერენცია გაიმართება. ეგზიტპოლების შედეგებიც დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
აზერბაიჯანში არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, განსაკუთრებული დარღვევები არ ფიქსირდება.