რასიმ მუსამბეკოვი – აზერბაიჯანში პრორუსული პარტიები არ არიან
აზერბაიჯანის ისტორიაში დღეს პირველად, ვადამდელი არჩევნები იმართება.
მაინც რატომ დაიშალა საკანონმდებლო ორგანო დადგენილ ვადამდე 9 თვით ადრე, რატომ გახდა ამის საჭიროება, როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო და რა მოლოდინები აქვთ ბაქოში? ამ კითხვებით აზერბაიჯანის პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს რასიმ მუსამბეკოვს მივმართეთ.
ის 2010 წლიდან “მილი მეჯლისის” დეპუტატია.
რასიმ მუსამბეკოვი: “როდესაც პარლამენტში ვადამდელი არჩევნების საკითხი კენჭისყრაზე დააყენეს, სხვათა შორის, მე ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, ვინც ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ჩემთვის მმართველი პარტიის, “ახალი აზერბაიჯანის” არგუმენტები თავიდანვე არასაკმარისი აღმოჩნდა...თუმცა, “მილი მეჯლისში” დეპუტატთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ეს აუცილებელი და ქვეყნისთვის მომგებიანი იქნებოდა…სულ ეს არის.
თქვენ იცით, რომ მინსკის ჯგუფის ფორმატში ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ფაშინიანს ეს მოლაპარაკებები დიდწილად ხელს უშლის. მარტში მთიან ყარაბაღში არჩევნებია დაგეგმილი და დღეს ის ცდილობს, საკუთარი კანდიდატურა გაიყვანოს, რადგან იცის, გაზაფხულზე მინსკის ფორმატის ფარგლებში მორიგი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებაა დაგეგმილი. ცხადია, ფაშინიანს პროცესში მონაწილეობას გაუადვილებს, თუკი მას ყარაბაღში თავისი კანდიდატურა ეყოლება. ამ მოლაპარაკებების შედეგებიდან გამომდინარე, თუ რაიმე სერიოზული პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა, შესაძლებელია, უკვე ზაფხულში სამხედრო კუთხით გართულებების წინაშე აღმოვჩნდეთ. მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანში არჩევნების გადადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ არსებობს სამხედრო დაპირისპირების საფრთხე, საომარ მდგომარეობაში კი არჩევნებზე სიარული შეუძლებელი იქნებოდა…
არსებობს კიდევ მეორე სიტუაციაც: არ არის გამორიცხული, ზაფხულში ირანში სიტუაცია გამწვავდეს. აზერბაიჯანი და სომხეთი, ამ სახელმწიფოს ესაზღვრებიან და ჩვენთვის ეს ძალიან დიდი რისკია. შეიძლება ქვეყანაში ლტოლვილების ნაკადი გაჩნდეს, არსებობს სხვა გამოწვევებიც…. პრინციპში, ეს ყველაფერი ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომლის გახმოვანებაც შემიძლია.
თუმცა, არჩევნების გადატანის მთავარ მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლება დღეს პარლამენტის განახლების აუცილებლობას და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ასახელებს… მე მაინც არ ვფიქრობ, რომ „მილი მეჯლისის“ არსებული შემადგენლობა ხელისუფლებას მნიშვნელოვანი კანონპროექტების, მთავრობის სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებასა თუ რეფორმებში ხელს უშლიდა…
რაც შეეხება თავად წინასაარჩევნო პროცესს, ვფიქრობ, ის ნორმალურად წარიმართა, ამ კუთხით, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან სერიოზული პრეტენზიები არც გამოთქმულა. პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა თითქმის ყველას მიეცა, ვინც შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვა და რეგისტარცია გაიარა, მათ არანაირი დაბრკოლება არ შექმნიათ.
ერთადერთი, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს აზერბაიჯანში უამრავი პატარა პარტია არსებობს, და ამის გამო დებატების ორგანიზება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა… ჯამში, 1300-ზე მეტი კანდიდატია და თუკი თითოეულ მათგანს მაუწყებლობის დრო 5 წუთი მიეცემოდა, ძნელი წარმოსადგენია, პირდაპირი ეთერების ორგანიზებას რამდენი დრო დასჭირდებოდა… ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, წლევანდელ არჩევნებზე კამპანია ძირითადად სოციალურ ქსელებში წარიმართა, პოლიტიკურმა სუბიექტებმა აქტიურად გამართეს შეხვედრები თავის ამომრჩევლებთან, კანონით დადგენილი წესით გაავრცელეს სააგიტაციო მასალა… სხვათა შორის, მმართველმა პარტიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა უფასო სარეკლამო დროით სარგებლობაზე.
რაც შეეხება ოპოზციას, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს ძალიან კონსოლიდირებული პოლიტიკური სივრცე… არსებობს დომინანტი მმართველი ძალა – „ახალი აზერბაიჯანი“, ასევე ოპოზიციური ან თუნდაც ნახევრადოპოზიციური გაერთიანებები, ძალიან პატარა პარტიებიც უცნაური პოზიციებით….
პირადად მე, ადრე პარტია „მუსავათს“ წარმოვადგენდი, თუმცა დღეს ის საგრძნობლად შესუსტებულია.
„მუსავათი“ 2000 წლის დასაწყისში საკმაოდ ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ითვლებოდა, თუმცა ის წლების განმავლობაში ისევე დასუსტდა, როგორც პარტია “ეროვნული დამოუკიდებლობა”, რომელიც, თავის დროზე, ასევე ძლიერი ოპოზიციური ძალა იყო, თავისი პოლიტიკური და ინტელექტუალური პოტენციალით… ასეთივე იყო “ეროვნული ფრონტი”.
ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ დღეს ის მხოლოდ კრიტიკით არის დაკავებული, თუმცა, როდესაც საქმე მოქმედებაზე მიდის, მათ ეს არ ძალუძთ. რასაკვირველია, კრიტიკა აუცილებელია, ეს ყველასთვის ადვილია, მათ შორის ოპოზიციისთვისაც, თუმცა საკუთარი თავის რეალურ პოლიტიკაში მიტანა და არსებული მმართველი ძალის შესაძლო ალტერნატივად წარმოჩენა, მათ, ამ ეტაპზე, არ ძალუძთ, უბრალოდ ამის პოტენციალი არ აქვთ ჯერ…. დღეს უფრო მეტად პარტია „რეალს“ აქვს შანსი პოლიტიკურ არენაზე პოზიციები დაიმკვიდროს და პარლამენტში 3-4 თავისი კანდიდატიც გაიყვანოს. თუკი ის ამას შეძლებს, საკუთარი თავის პოზიციონირებას, როგორც ანგარიშგასაწევი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, მოახერხებს. დღეს კი „რეალი“, მე ვიტყოდი, უფრო პოლიტიკური კლუბია (როგორც პარტია არც არის ჯერ დარეგისტრირებული), მასში, ცხადია, არსებობს ინტელექტუალური პოტენციალი. მე, პირადად, აქ გაერთიანებული ბევრი მეგობარი მყავს და რასაც ვაკვირდები, ნელ-ნელა სწორ ნაბიჯებსაც დგამენ, მათი რეიტინგი ძველი ოპოზიციისგან განსხვავებით მაღლა მიდის, თუმცა, ძნელი სათქმელია, მოახერხებენ თუ არა ისინი გახდნენ ისეთივე ძლიერი ოპოზიციური ძალა, როგორიც თავის დროზე „მუსავათი“ იყო.
„რეალს“ დღეს უფრო პროდასავლური ორიენტაცია აქვს. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკურ პარტიებს შორის დღეს პრორუსული ძალები არ არსებობენ, ჩვენ არ გვყავს კომუნისტები, სოციალ-დემოკრატები, ან ისეთი ძალები, რომლებიც დეკლარირებულად რუსულ პოლიტიკურ ხაზს ატარებდნენ“.