ხატია ბუნიათიშვილი – ლონდონის წამყვანი დარბაზების მარად სასურველი სტუმარი
ხატია ბუნიათიშვილი ახლახან ზედიზედ ორი კონცერტით წარდგა ლონდონის ყველაზე განთქმულ მუსიკალურ დარბაზებში. მისმა გამოსვლებმა „ვიგმორ ჰოლსა“ და „როიალ ფესტივალ ჰოლში“ კიდევ ერთხელ ცხადყო ქართველი პიანისტის მიმართ ლონდონელი მსმენელის დაინტერესება და აღფრთოვანება. „ვიგმორ ჰოლში“ მან ფინურ სიმებიან კვარტეტ ,,Meta 4“-თან ერთად ბელგიელი კომპოზიტორის ცეზარ ფრანკის (1822–1890) საფორტეპიანო კვინტეტი ფა მინორში დაუკრა, „როიალ ფესტივალ ჰოლში“ კი სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი მარკ ვიგლესვორთი) ლისტის საფორტეპიანო კონცერტი N2 შეასრულა.
ორივე შემთხვევაში ხატიას მონაწილეობამ ხაზგასმით წარმოაჩინა უზარმაზარი გავლენის მუსიკოსი, რომელიც პროგნოზს ქმნის თანამედროვე საფორტეპიანო შესრულებაში.
დღეს უამრავ ვირტუოზს ვხვდებით, რომელთა გაწაფულ და ტექნიკურად შეუმცდარ შესრულებას წუნს ვერ დასდებ, მაგრამ ძალიან იშვიათად ნახავთ ისეთ ხელოვანს, ვისაც შესწევს ძალა, მსმენელის სული მოსწყვიტოს მიწას და ვარსკვლავებანი ზეცისკენ აღაპყრობინოს მზერა. ეს უმალ ღვთიური მადლია, რითაც ასე უხვად დააჯილდოვა ხატია ბუნიათიშვილი განგებამ.
მის ტალანტს რომ განსაკუთრებულ პატივის სცემენ თვით მუსიკოსთა საზოგადოებაში, ეს თვალსაჩინო გახადა „როიალ ფესტივალ ჰოლის“ საკონცერტო პროგრამის დრამატურგიამაც.
უილიამ ვოლტონის „პორტსმუტის უვერტურის“ დასრულების შემდეგ ასკაციანი სამეფო ფილარმონიული ორკესტრის შემადგენლობა სანახევროდ აიშალა და კულისებში გადაინაცვლა, ამასობაში სამზადისი შეიქმნა როიალის შემოსატანად, და ეს პროცესი პიანისტის მიმართ აღვლენილ საგანგებო რიტუალს უფრო ჰგავდა, ვიდრე ტექნიკურ სამუშაოს. ნელ-ნელა ისევ აავსეს დარბაზი ორკესტრის წევრებმა და ყველა ერთად მიეგება ბუნიათიშვილის წამოსვლას ინსტრუმენტისკენ. ცალკე სანახაობაა ისიც, თუ როგორი კრძალვით ხვდება ქართველ პიანისტს პუბლიკა, როგორ სიხარულს და აღმაფრენას ბადებს მათში ნებისმიერი კომპოზიტორის ხატიასეული გააზრება და შესრულება. აუდიტორიის თვალი უმალ მიიტაცა პიანისტის ბროწეულის ყვავილის ფერმა საკონცერტო კაბამ, მაგრამ მსმენელი განსაკუთრებით დაატყვევა მისმა შეუდარებელმა მუსიცირებამ, რომელმაც ფერნაკლულ თებერვალში ბროწეულის ყვავილობის ჟამი მოიყვანა…
კონცერტის დასრულების შემდეგ კი მუდამ რიგი დგება ხოლმე ხატიას ავტოგრაფის მისაღებად ან მასთან ერთად ფოტოს გადასაღებად. ასე იყო ამჯერადაც, ხატიას კი არ ელევა მათთვის არც ღიმილი და არც სითბო, რითაც იგი ასე განსხვავდება იმ ჭირვეული ვარსკვლავებისგან, რომლებიც ათას ბარიერს ქმნიან, ოღონდაც მათ არ მიუახლოვდნენ.
ხატია ხალხის სიყვარულშიც შეუდარებელი ხელოვანია. უთუოდ ეს აძლევს ძალას, რომ მისი პიანიზმი ყოველთვის იყოს სავსე, ადამიანზე ფიქრით მოცული და გულშეძრული!
ხატია ბუნიათიშვილს წელსაც ძალიან დატვირთული საკონცერტო სეზონი აქვს პლანეტის გარშემო. 11 მარტს მას კვლავ ლონდონში, „როიალ ფესტივალ ჰოლში“ ელიან, სადაც იგი ბეთჰოვენის სამმაგ კონცერტზე დაუკრავს.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან