გელა ჩივაძე: თუ ობიექტური კენჭისყრა იქნება, გენერალური პროკურორობის კანდიდატების სამეულში აუცილებლად შევალ

თუ იქნება ობიექტური კენჭისყრა, ვფიქრობ, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების სამეულში აუცილებლად შევალ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გელა ჩივაძემ განაცხადა.

ჩივაძემ საპროკურორო საბჭოში გამართული გასაუბრებების პროცესი შეაფასა.

„გუშინ წარვდექი საპროკურორო საბჭოს წინაშე. მიმაჩნია, რომ ყველა დასმულ კითხვას გავეცი სათანადო პასუხი. თუ იქნება ობიექტური კენჭისყრა, ვფიქრობ, სამეულში შევალ აუცილებლად. მე მაქვს დიდი გამოცდილება საქართველოს გენერალური პორკურატურის ორგანოებში მუშაობის, კარგად ვიცნობ სისტემას, ვიცი ნაკლოვანებებიც და პლუსებიც. მე საბჭოს წინაშე ჩემს მიზნებზე ვისაუბრე: პირველ რიგში, ყველა საქმე უნდა გადაიხედოს, რომელზეც საზოგადოების მაღალი ინტერესია .
რაც შეეხება საბჭოს მუშაობას, ვფქრობ, რომ პროდუქტიული იყო და საჭირო კითხვები იყო დასმული. ღირსეული პასუხები გავეცი. ღირსეული ხედვა და მიზნები მაქვს. ვფიქრობ, საბჭო ჩემს კანდიდატურას სწორ შეფასებას მისცემს.

რაც შეეხება ირაკლი შოთაძის კანდიდატურას: ვფიქრობ, უფლება რასაკვირველია ჰქონდა მიეღო ამ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ იმ ფონზე რაც იყო, კონკრეტულ საქმეზე რა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიც არსებობდა და მოუწია გადადგომა, ვფიქრობ, არ უნდა წარედგინა კანდიდატურა“, – განაცხადა ჩივაძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრება დაასრულა. დღეს, 14:00 საათზე საპროკურორო საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას და სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები