მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე წარსულში ნასამართლევია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მომხდარი მკვლელობის დეტალებით “რეგიონული კვირა” დაინტერესდა და გაარკვია, რომ სავარაუდო დამნაშავე წარსულში ნასამართლევი პირია.
როგორც მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ბენიამინი “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, მოკლულთან ერთად კელიაში კიდევ ორი პირი ცხოვრობდა, მათგან ერთ-ერთმა წინამძღვარს მკვლელობის შესახებ შეატყობინა, მეორე კი შემთხვევის ადგილიდან გაიქვა. სწორედ ამ მიზეზით მიიჩნევა ეს უკანასკნელი სავარაუდო დამნაშავედ.

მამა ბენიამინის ინფორმაციით, მამაკაცებს შორის, აღნიშნულ შემთხვევამდე, ფიზიკური ანდა სიტყვიერი დაპირისირება არ ყოფილა.

“რეგიონული კვირისთვის”ასევე  ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი საქართველოში არ ცხოვრობდა, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და დროგამოშვებით მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილად მიდიოდა. “რეგიონულმა კვირამ” ისიც გაარკვია, რომ მკვლელობა გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე, კელიაში მოხდა.
გარდაცვლილ 55 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

“1998 წლიდან ამ ეკლესიაში ვმსახურობ და მსგავსი შემთხვევა არასდროს მომხდარა. კელიაში რომ ჩავედი სავარაუდო მკვლელი უკვე გაქცეული იყო. პოლიციას შევატყობინეთ და მათ აიღეს ყველა საჭირო ნივთმტკიცება”, – ამბობს მამა ბენიამინი.
შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც შეეხება გაქცეულ ლაცს, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მომხდარს  საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და  “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები