ნათია თურნავა: ინვესტორთა საბჭო კარგი გზაა, რომ ბიზნესმა თავისი ხმა გაგვაგონოს და კონკრეტულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამა თუ იმ რეფორმაზე, პოლიტიკასა თუ კანონპროექტზე
“ინვესტორთა საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმა სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის დიალოგისთვის, უკვე ორი წელია არსებობს და ჩამოყალიბდა, როგორც ძალიან ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს, რათა ჩვენი საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა ის წარმატებები, რაც მიღწეულია სწორედ ინვესტორთა საბჭოს ფორმატში. ნათია თურნავას ინფორმაციით, შემუშავდა მთელი რიგი კანონმდებლობა და ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა სწორედ ინვესტორთა საბჭოს მხრიდან იყო.
“ეს არის გადახდის უუნარობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მომზადდა ასეთი ურთიერთთანამშრომლობით და უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას შეფასებით, საინვესტიციო საბჭოს ძალიან ბევრი საინტერესო მიგნება და რეკომენდაცია ეკუთვნის ტურიზმის 2020 წლის განვითარების გეგმებსა და სტრატეგიაში, ამ ინსტიტუციამ ასევე დიდი დახმარება გაუწია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, სადაც ჩართულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი.
„გადაწყდა, რომ ასეთივე სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, ამ პლატფორმის გამოყენებით ჩვენ ვითანამშრომლებთ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესში, რადგან მიმდინარე რეფორმა იწვევს ძალიან დიდ ინტერესს ინვესტორთა მხრიდან” – აღნიშნა მინისტრმა.
ინვესტორთა საბჭო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელშიც ათამდე ბიზნესასოციაცია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დიპლომატები არიან გაერთიანებულნი. „ეს არის ძალიან კარგი გზა, რომ როგორც უცხოური კაპიტალით შექმნილმა, ასევე ბიზნესმა თავისი ხმა გაგვაგონოს და ჩვენ კონკრეტულ სამუშაო რეჟიმში ვიმუშაოთ ამა თუ იმ რეფორმაზე, პოლიტიკაზე თუ კანონპროექტზე. შევთანხდით, რომ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ამ პლატფორმას და უფრო მეტ ახალ სფეროს დავფარავთ ამ თანამშრომლობით” – განაცხადა ნათია თურნავამ.