„ცეკვა – ჩემთვის ის არის, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს სხვა ენაა“…

12 წლიდან ცეკვავს, ყველა მნიშვნელოვან სოლოპარტიას ასრულებდა ორ ანსამბლში. ქართული ცეკვებით დაიწყო, შემდეგ ლათინოამერიკული პროგრამითაც წარმატებით გამოდიოდა.  მსოფლიო დონის მრავალი კონკურსის  მონაწილეა.
ერთხანს მუშაო ტრენერად და  ცეკვავდ იტალიაში, სამომავლოდ კიდევ აპირებს საქართველოს საზღვრებს გარეთ  სამწვრთნელო და სპორტული საქმიანობის გაგრძელებას.
ამბობს, რომ
ცეკვა მისთვის მხოლოდ სამსახური არ არის, ცხოვრების აზრიცაა.
და კიდევ, 2020 წლიდან ანსამბლ მანანურში დაწესდება მისი, როგორც წარმატებული მოცეკვავის სახელობის პრემია.მოცეკვავისა და ტრენერის,  მიშიკო  ბრეგვაძის პერსონა.

– დავიბადე 1995 წლის 21 ოქტომბერს  ოზურგეთში. ბავშვობიდანვე აქტიური  ვიყავი და ვოცნებობდი ბალეტის მსახიობობაზე, თუმცა ეს ოზურგეთში შეუძლებელი იყო სტუდიის არარსებობის გამო, სადაც ბალეტის შესწავლას შევძლებდი…
– 12 წლიდან ცეკვავთ. ..
– ჩემი მეგობრები ცეკვავდნენ ქართულ ცეკვებს ანსამბლ  „მანანურში” და 12 წლის ასაკში მეც დედასთან შეთანხმებით გადავწყვიტე ცეკვის შესწავლა. ცეკვის დაწყებიდან მალევე მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ ნიჭიერი ვიყავი და ეს  დიდი სტიმული იყო მომავალი წარმატებისთვის, მეორე თვიდანვე მომცეს უფლება, უფროსებთან ერთად მევარჯიშა და მესამე თვეს კონცერტზეც გამიყვანეს, რაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ემოციური მომენტი იყო.
–  თავიდან ქართულ ცეკვებს ასრულებდით…
– 5 წელი ვიცეკვე ანსამბლ „მანანურში“, სადაც ყველა მნიშვნელოვან სოლო პარტიას ვასრულებდი და მოვიპოვე გრან-პრი, წლის საუკეთესო ანსამბლის წოდება და სხვა მრავალი პრიზი.
ამის შემდეგ მქონდა შემოთავაზებები სხვა ანსამბლებიდანაც, რომ მათთან მეცეკვა, 2011 წლიდან 2014 წლამდე, „მანანურის“ პარალელურად, სოლისტად ვცეკვავდი ქობულეთის მუნიციპალიტეტთან არსებულ ანსამბლ „მხედრულში“,  რაც ჩემთვის ორმაგი გამოცდილება, პასუხისმგებლობა და დიდი ბედნიერება იყო. წარმოვადგენდი ორ ანსამბლს…
– შემდეგ ლათინოამერიკულ ცეკვებში გადაინაცვლეთ და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეთ…
– 2014 წლიდან სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და მეც გამიჩნდა სპორტული ინტერესი, რომ წარმატება, რომელსაც მივაღწევდი, ჩემი ყოფილიყო, ანუ ჩემს შრომაზე დამოკიდებული.
სამეჯლისო სპორტული ცეკვების დაწყებიდან პირველი წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო, ქართულ ცეკვებში მწვერვალზე მყოფს მომიწია, აქ ყველაფერი ნულიდან დამეწყო, მაგრამ ჩემი მიზანი უფრო მტკიცე იყო, ვიდრე წარუმატებლობის შიში, რაც ამ ყველაფრის დაძლევაში დამეხმარა. ყოველდღიურად ბევრს ვვარჯიშობდი და მეორე წლიდან უკვე წარმატებაც მოვიდა…
2015 წელს 21 წლამდელთა შორის კავკასიის საერთაშორისო ჩემპიონატზე ფინალში ვიცეკვე ლათინოამერიკული პროგრამით, ეს იმ დროისთვის დიდი წარმატება იყო ჩემთვის და, ამავდროულად, მოტივატორიც.
ამის შემდეგ უკვე ბევრი წარმატება იყო და ცნობადობა მსოფლიო დონის ტურნირებზე, როგორიცაა: ფინალი 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატზე, უფროსების ქვეჯგუფში, მე-3 საპრიზო ადგილი ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, ფინალი მინსკის საერთაშორისო ტურნირზე და სხვა მრავალი…
– დღეს ცნობილი ტრენერი ხართ. თქვენი აღზრდილები წარმატებით გამოდიან მსოფლიოს სცენებზე.  ვის გამოყოფდით?
– 2017 წლიდან მწვრთნელობითაც ვარ დაკავებული და ჩემი მოსწავლეები წარმატებულები არიან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამის თვალსაჩინო მაგალითად დავასახელებდი შაკო მელანაშვილსა და მარიამ კუკუნაშვილს, რომლებმაც სენიორ I კატეგორიაში შეძლეს მსოფლიო რეიტინგის ტოპ 20-ეულში შესვლა. ისინი მრავალი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორები არიან.
ერთხანს უცხოეთშიც მოღვაწეობდით. რა მოგცათ იმ პერიოდმა და კიდევ ხომ არ აპირებთ საზღვარგარეთ მუშაობას?
– ვმუშაობდი ტრენერად და ვცეკვავდი იტალიაში სტუდია „alma dance“- ში, რამაც უდიდესი გამოცდილება მომცა, ვინაიდან იტალია მდიდარია უმაღლესი დონის ტრენერებითა და მრავალი საერთაშორისო ტურნირით, სამომავლოდ საქართველოს საზღვრებს გარეთ ვაპირებ   სამწვრთნელო და სპორტული კარიერის გაგრძელებას.
–  ცეკვა?
– ცეკვა – ჩემთვის ის არის, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს სხვა ენაა, ვფიქრობ, უფრო ღრმა, ვიდრე უბრალოდ მშრალი სიტყვები. ემოციებისა და შეგრძნებების გამოხატვის იდეალური გზაა. ცეკვა ჩემთვის მხოლოდ სამსახური არ არის, ცხოვრების აზრიცაა.
– ჰობი…
– რომ არა მოცეკვავე, ალბათ მომღერალი ვიქნებოდი, სიმღერა ჩემი ჰობია და საკმაოდ კარგად გამომდის.
– ოჯახი…
– მყავს უმცროსი ძმა, დედა და მამა. დედაჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და დამხმარეა.
– პრობლემები…
– ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში საერთაშორისო დონის ტრენერები არ გვყავს და მოცეკვავეებს გვიწევს მოგზაურობა როგორც ტურნირებზე, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სავარჯიშოდ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
– მიწვევები...
– მიწვევები მაქვს როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის სხვადასხვა შტატიდან, რომ მათი ქვეყნის სახელით ვიცეკვო და დღესდღეობითაც მოლაპარაკებების პროცესში ვართ, როგორც წესი, ტრანსფერს სხვა ქვეყანაში სავიზო სისტემა ართულებს ხოლმე. ევროპის შემთხვევაში უფრო მარტივად ხდება. ამერიკის შემთხვევაში – შედარებით რთულად…
სამომავლოდ ყველა მოცეკვავეს მსოფლიოს ჩემპიონობა უნდა, მე მინდა, რომ ჩემი სტილი ჩამოვაყალიბო სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, სადაც ქართული ნაციონალური ცეკვისა და სამეჯლისო ცეკვის ნაზავი იქნება წარმოდგენილი. აუცილებლად ვიბრძოლებ შემდგომი წარმატებებისთვის და საქართველოს სახელს ყოველთვის ღირსეულად წარვადგენ მსოფლიო სცენებზე.
– დაბოლოს, დაწესდა თქვენი სახელობის პრემია…
– დიახ, 2020 წლიდან ანსამბლ „მანანურში“ იქნება ჩემი, როგორც წარმატებული მოცეკვავის სახელობის პრემია, რომელსაც ანსამბლის საუკეთესო მოცეკვავე მიიღებს ყოველწლიურად.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები