ლევან მაჭავარიანი: პოლიტიკური ველი არის აუცილებლად გასაჯანსაღებელი
“პოლიტიკური ველი არის აუცილებლად გასაჯანსაღებელი. აუცილებლად აიკრძალებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხოლოდ საბოტაჟით არიან დაკავებულები და ამ საბოტაჟის რეალური რესურსიც გააჩნიათ”, – ამის შესახებ “ღამის კურიერის” ეთერში პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც აიკრძალება პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რადიკალიზმით არიან დაკავებულები, შეიქმნება ახალი პარტიები, რომლებიც ახალგაზრდებით დაკომპლექტდება.
“როდესაც კითხვა მოდის, რომ გასუფთავდება ეს პოლიტიკური ველი, რას აპირებთ “ქართული ოცნება,” ხომ არ დარჩებით მარტო?! მე ძალიან ბევრჯერ მომიყვანია ასეთი მაგალითი, რომ ბევრ ახალგაზრდასთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც ძალიან ჯანსაღად აზროვნებენ, ძალიან კარგად ესმით პროცესები. საგარეო კურსთან დაკავშირებით ვთანხმდებით, ძალიან მოსწონთ და ხვდებიან, რომ უალტერნატივო საგარეო კურსია, მაგრამ შიდა საკითხებთან მიმართებით ძალიან ბევრი კამათი მომსვლია და წამიგია კიდეც. როდესაც ვეკითხები, რომ ასე ჯანსაღად აზროვნებთ, სუვერენიტეტი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, რატომ არ ქმნით პოლიტიკურ პარტიას ან მოძრაობას, რომელიც შემდგომ პარტიად გარდაიქმნება, აბსოლუტურად ყველას პასუხი არის ანალოგიური – რა აზრი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, ტელევიზიის რესურსი აქვთ, როგორ უნდა გავუწიოთ ჩვენ მათ კონკურენცია? შესაბამისად, როდესაც პოლიტიკური ველი მოსუფთავდება ასეთი მავნებელი ძალებისგან ასეთი ტიპის ახალგაზრდებისთვის, ეს იქნება უზარმაზარი მოტივაცია”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.