ლევან მაჭავარიანი: შეივსება ისეთი რაოდენობა ხალხით, რომელიც ვერ ეტევა ტროტუარზე? ღმერთმა ხელი მოუმართოთ, აუცილებლად გადაიკეტება – ვერ შეივსება? უნდა დადგნენ და დაემორჩილონ იმ კანონს, რომელიც მოქმედებს აბსოლუტურად ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში
“შეივსება ისეთი რაოდენობა ხალხით, რომელიც ვერ ეტევა ტროტუარზე? ღმერთმა ხელი მოუმართოთ, აუცილებლად გადაიკეტება. ვერ შეივსება? უნდა დადგნენ და დაემორჩილონ იმ კანონს, რომელიც მოქმედებს აბსოლუტურად ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში”, – ამის შესახებ “ღამის კურიერის” ეთერში პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე რამდენი ადამიანიც არ უნდა შეიკრიბოს, ყველამ უნდა დაიცვას ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული კანონი.
“ჩვეულებრივად მილევად პროცესში არის უკვე ნახევარი წელია [აქციები], 100-150 კაცია.. თვლაში არ შევალ, მერე მოგსდევენ ამაზე, რომ 200 კი არა 400, 500 კი არა 700 ვიყავით და ა.შ. ძალიან ცოტა ადამიანია, ერთ ტროტუარს ვერ ავსებს. იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული, ყველაზე არ ვამბობ და იქ რამდენიმე ადამიანი არის, რომელიც არ არის დახელფასებული. აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული – პარტიული აქტივი, ენჯეო აქტივი, ეს მათი სამსახურია. მათ უნდა შექმნან ეს საინფორმაციო ხმაური იმისთვის, თითქოს რაღაც უწყვეტი აქციაა. გარე დავალება იყო სწორედ, რომ უნდა გადაეკეტათ ქუჩა, რომ ჰედლაინები გასულიყო შემდეგ უკვე საერთაშორისო მედიაში, რომ აი, იკეტება ქუჩა და ა.შ.
ერთი წელი ვაცდიდით, შეიძლება ამაზე ბევრი გვსაყვედურობდა და ბოდიში საზოგადოების ამ ნაწილთან, იმიტომ, რომ მე არ წარმომიდგენია არც ერთი ქვეყანა, სადაც აძლევს საშუალებას 100, 80 თუ 150 კაცს, რომ ცენტრალური გამზირი გადაკეტოს. ეს ოდესღაც უნდა მორჩენილიყო ხომ? გავამკაცრეთ კანონი იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ჯარიმა არ მუშაობდა, კიბატონო, ადმინისტრაციული წესით დაკავება მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, პრევენციული ხასიათის იქნება. მეორეჯერ უკვე გაცილებით ნაკლები ადამიანი გაბედავს ანალოგიური ქმედების ჩადენას, ვინაიდან ეს არ არის დემოკრატიული პროცესი.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აპროტესტოს, რაც არ მოსწონს – 300 კაცი იქნება თუ 100 კაცი, შეუძლიათ 10 წელი იდგნენ და აპროტესტონ, უბრალოდ, კანონი არ უნდა დაარღვიო და 13 წლის განმავლობაში ვერავინ, ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს ვის შევუშალეთ ჩვენ ხელი პროტესტში და როდესაც ძალადობს 100 ადამიანი იმ ადამიანებზე, რომლებსაც რუსთაველზე მანქანით გავლა უნდათ… იმაზე არც ვსაუბრობთ, ხან სახანძრო მანქანას არ ატარებენ, ხან ავტობუსს არ ატარებენ, ხან სასწრაფოს. ბაბუისტოლა კაცებს რა ლექსიკით ელაპარაკებიან ის გოგოები იქ რომ დგანან ხოლმე. ეს კადრები ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს? ეს დამთავრდა.
შეივსება ისეთი რაოდენობა ხალხით, რომელიც ვერ ეტევა ტროტუარზე? ღმერთმა ხელი მოუმართოთ, აუცილებლად გადაიკეტება. ვერ შეივსება? უნდა დადგნენ და დაემორჩილონ იმ კანონს, რომელიც მოქმედებს აბსოლუტურად ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.