მაია მახათელმა ლონდონში ბალეტის სიმბოლოების გალაზე იცეკვა

ლონდონის ბალეტის სიმბოლოების გალა (Ballet Icons Gala) 2006 წლიდან ყოველწლიურად იმართება კოლიზეუმის სცენაზე, რომელიც პატივს მიაგებს მსოფლიოს მნიშვნელოვანი საბალეტო სკოლებისა და ლეგენდარული ქორეოგრაფების მემკვიდრეობას, მისი მრავალფეროვანი პროგრამა მაყურებელს აცნობს დღევანდელი ბალეტის წამყვანი ბალეტმაისტერებისა და მოცეკვავეების ოსტატობას როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე რეპერტუარში.
წლეულს გალაში ჩართული იყვნენ კოვენტ-გარდენის, ინგლისის ნაციონალური ბალეტის, დიდი თეატრის, მარინსკის, პარიზის გრანდ-ოპერის, ამერიკის საბალეტო თეატრის, ბერლინის შტატსბალეტის, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის, ლას-სკალას, ესპანეთის ნაციონალური ბალეტის, ნეაპოლის სან-კარლოს თეატრის,  ჰამბურგის ბალეტის მოცეკვავეები.
ნიდრლანდების ნაციონალურ ბალეტს წლევანდელ გალაზე წარმოადგენდა ქართველი პრიმა-ბალერინა მაია მახათელი.
შარშან ნოემბერში მათ თეატრში ცნობილმა ბელგიელმა ქორეოგრაფმა ანაბელ ლოპეს ოშოამ განახორციელა თანამედროვე ინგლისელი კომპოზიტორის პიტერ სალემის მუსიკაზე შექმნილი ბალეტი „ფრიდა“, რომელიც ლეგენდარულ მექსიკელ მხატვარს ფრიდა კალოს ეძღვნება. ოშოას ახალმა ქორეოგრაფიამ, რომელშიც ფრიდას მაია მახათელი ცეკვავს, უმალ მიიქცია ამსტერდამელი მაყურებლის ყურადღება, საბალეტო სამყაროში იგი გახმაურდა მნიშვნელოვან ქორეოგრაფიულ მიღწევად.
ბალეტის სიმბოლეობის გალაზე სწორედ ამ ახალი ნამუშევრით წარდგა ქართველი მოცეკვავე, რომელსაც პარტნიორობას ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავე ჯეიმს სტაუტი უწევდა. წლევანდელ გალაში ოცდაათი საერთაშორისო ვარსკვლავი მონაწილეობდა, მათ შორის მაყურებელმა განსაკუთრებული აღფრთოვანებით მიიღო მაია მახათელის ფრიდა, როგორც ახლებური ქორეოგრაფიის ნიმუში. შემთხვევითი არც ის გახლავთ, მეორე დღეს გაზეთმა The Times-მა საბალეტო გალაზე თავის მასალას მხოლოდ მაია მახათელისა და ჯეიმს სტაუტის ფოტო რომ დაურთო.
„ფრიდა“ ამჯერად ამსტერდამის ბალეტის მიმდინარე რეპერტუარში რჩება და მისი ნახვა მაყურებელს 25 თებერვლამდე შეეძლება.
ქართველთა ქორეოგრაფიულ ნიჭიერებას არაერთხელ გაუბრწყინია მსოფლიოს მნიშვნელოვან სცენებზე, დღეს მაია მახათელი თავისი არტისტული კარიერის ზენიტშია, ნამდვილად საამაყო და რჩეული ბალერინაა და ვფიქრობ, ჩვენი მაყურებლისთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება, თუკი ბალეტ „ფრიდას“ თბილისშიც ჩამოიტანენ.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები