ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
13 სექტემბერს, 16:00 საათზე, „თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მეოთხე სართულის დარბაზში, გაიმართება ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ: დიმიტრი ერისთავი, ლევან კალანდარიშვილი და მანანა არაბული.
წიგნი წარმოადგენს სამწლიანი პროექტის საბოლოო ეტაპს, რომელიც ასევე მოიცავდა არქიტექტორისადმი მიძღვნილ გამოფენებს თბილისსა და ქუთაისში, 2022–2023 წლებში.
ლადო ალექსი-მესხიშვილი ის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, ვისმა შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ეკუთვნის ერთ-ერთ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო. მისი სწავლისა თუ შემოქმედების პერიოდში, არქიტექტურაში ორი ძირეული ცვლილება მოხდა – სოციალისტური რეალიზმის დანერგვა (1930-იანი წლები), რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნების კონსტრუირებას და ხშირად პირდაპირ უბიძგებდა დეკორატიულობისკენ და შემდეგ, სსრკ-ის დადგენილება „დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ“ (1955 წ.), რომელმაც ფართო ასპარეზი მისცა ინდუსტრიული მეთოდით სწრაფ და ეკონომიურ მშენებლობას, ხოლო გამომსახველობის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს, შესაბამისად, აკრძალა ყველა ის დეკორატიული ელემენტი, რითაც წინა პერიოდის არქიტექტურა გამოირჩეოდა.
წიგნის სამუშაო ჯგუფი: რედაქტორი: დიმიტრი ერისთავი; ტექსტი: ლევან კალანდარიშვილი, დიმიტრი ერისთავი, ქეთევან ჯანანაშვილი; ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი: მანანა არაბული; პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ წიქარიძე; დაიბეჭდა IMAK PRESS, ISTANBUL / 2024.
წიგნი გამოიცა „თიბისის“ მხარდაჭერით. 2022 წლის საგამოფენო პროექტის ლადო ალექსი-მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე ფარგლებში. კურატორები: დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით.
მის: კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N7. თბილისი, საქართველო. „თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე,