კულტურის სამინისტრო 75 წლის იუბილეს ულოცავს ფოლკლორული ანსამბლის „შგარიდას“ ხელმძღვანელს – გურგენ გურჩიანს
საქართველოს კულტურის სამინისტრო 75 წლის იუბილეს ულოცავს სვანური სიმღერების მკვლევარსა და ფოლკლორული ანსამბლის – „შგარიდას“ ხელმძღვანელს, გურგენ გურჩიანს. უსურვებს მას დღეგრძელობასა და ახალ წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში.
„ბატონი გურგენი წლების განმავლობაში ეძებდა და იკვლევდა სვანეთში შექმნილ და შემდეგ დიდი ხნით მივიწყებულ ფოლკლორის ნიმუშებს. სწორედ მან აღადგინა არაერთი სვანური საგალობელი თუ ფერხული.
ოც წელზე მეტია, დმანისში მცხოვრები სვანი ეკომიგრანტების ანსამბლი „შგარიდა”, ამ საგანძურის გაზიარებით, სიხარულს გვანიჭებს ყველას. წელსაც, მუსიკალური პროექტის – „ხალხურის” სცენიდან ანსამბლმა კიდევ ერთხელ აჩვენა ამ ეროვნული სიმდიდრის ფასდაუდებელი ღირებულება და ამაში ბ-ნი გურგენის წვლილი უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.