“ეუთო/ოდირის მოწვევა სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ მომენტამდე ჩვენთვის უცნობი იყო, „ქართული ოცნება“ მარტო გამოდიოდა არჩევნებზე თუ გვეყოლებოდა ოპონენტები” – წილოსანი

“ეუთო/ოდირის მოწვევა, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება იყო გამომდინარე იქიდან, რომ ამ მომენტამდე ჩვენთვის უცნობი იყო „ქართული ოცნება“ მარტო გამოდიოდა არჩევნებზე თუ გვეყოლებოდა ოპონენტები. ვიცით, რომ ოფიციალურად გახარიას და, „ლელოს“ პარტიის კანდიდატები დარეგისტრირდნენ არჩევნებზე და შესაბამისად მყისიერად განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობას გამოეხმაურა.

„ვიცით, რომ ეუთო/ოდირი ძირითადად არ ერთვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ყველანაირი სპეკულაციის სივრცეები მოგვეხსნა და არ დაგვეტოვებინა არც ერთი რაიმე არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ ეს არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება და ყველაფერი სწორედაც რომ წესის, კანონის და სტანდარტის შესაბამისად იქნება, ჩვენ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიგზავნა წერილი. ისინი გარკვეული წნეხის წინაშე არიან ხოლმე ჩვენი ოპონენტების და რადიკალების მხრიდან. მათი ხელმძღვანელობის, მაღალი წარმომადგენლობის ვიზიტები თუ მათი ყველა ბოლოდროინდელი განცხადებები განსაკუთრებული შეტევების ობიექტი ხდება ხოლმე ამ რადიკალების მხრიდან, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეუთო/ოდირი მოახერხებს და მონაწილეობას მიიღებს ამ სადამკვირვებლო მისიაში.

აღნიშნული სრულად ჩაკეტავს ყველანაირ სასპეკულაციო სივრცეს და ეს არჩევნები, როგორც არასდროს ჩატარდება მაღალი სტანდარტით და ყველა წესის დაცვით“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები