საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის თანამშრომლობის საკითხებით მარატ ხუსნულინი დაკავდება
რუსეთის ვიცე-პრემიერი, მარატ ხუსნულინი, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას უხელმძღვანელებს.
ხუსნულინი საქმიანობას სხვა ამოცანებს შეუთავსებს.
ვიცე-პრემიერად დანიშვნამდე ის მოსკოვის მთავრობაში მუშაობდა და ქალაქის მშენებლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ასევე მერის მოადგილის პოსტსაც იკავებდა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობის საკითხებს ადრე ვიტალი მუტკო კურირებდა, რომელიც რუსეთის მთავრობის ახალ მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდა.
გარდა ამისა, რუსეთის ახალი მთავრობის ფორმირების შედეგად, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტრო გაუქმდა და უწყების ფუნქციებს, რომელიც ასევე ოკუპირებული აფხაზეთის საინვესტიციო პროგრამის ახორციელებდა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა.
საკითხის კომენტირებისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის საკითხთა სამინისტრო აღარ იარსებებს, უწყება გაზაფხულამდე საკუთარ ფუნქციებს მაინც შეასრულებს და შემდეგ გადაბარება მოხდება.