სალომე ზურაბიშვილი: შემდეგი არჩევნებისთვის ეუთო-ს რეკომენდაციების უმეტესობა განხორციელდება
მომავალში კრიტერიუმები დაიხვეწება. ახლა ჩვენ ვდგამთ წარმატებულ ნაბიჯებს, რომელთაც მივყავართ უფრო დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო სისტემისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ეუთო-ს რეკომენდაციების უმეტესობა განხორციელდება, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი
„ევროპის მონიტორინგის მისიის თანამომხსენებლებმა გამოთქვეს შენიშვნა, რომ მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატების ნაწილს არ ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი ცოდნა და დამოუკიდებლობა, ამ თანამდებობის დასაკავებლად. თუ შეგიძლიათ გვითხარით, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს თქვენი ხელისუფლება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“, – მიმართა კითხვით ფრანგმა დეპუტატმა, მარი-კრისტინ დალოზმა სალომე ზურაბიშვილს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის განხილვა პარლამენტში გაიმართა გამჭვირვალედ.
„მიღწეულია დიდი პროგრესი და გამჭვირვალობა, რომელიც იყო უზრუნველყოფილი პარლამენტში თითოეული კანდიდატის განხილვის დროს. ამ პროცესს ტელევიზიით გადასცემდნენ და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, განხილვის დეტალებისთვის თვალყური ედევნებინა. მაგრამ ამავე დროს გაჩნდა კითხვები კრიტერიუმებთან და ზოგიერთი კანდიდატის კომპეტენციასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, სად ვიმყოფებით. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გამოდის პოსტსაბჭოთა სისტემიდან. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც სასამართლო სისტემა სრულად დისკრედიტებული იყო. ახლა ჩვენ ამ პერიოდიდან გამოვდივართ. ეს კი მოგეხსენებათ ერთ დღეში არ ხდება. რეკომენდებული იყო მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილის დანიშვნა და ზოგიერთი მოსამართლის არჩევის უფლების შემდეგი პარლამენტისთვის დატოვება. ვფიქრობ, მომავალში კრიტერიუმები დაიხვეწება. ახლა ჩვენ ვდგამთ წარმატებულ ნაბიჯებს, რომელთაც მივყავართ უფრო დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო სისტემისკენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუმინელმა დეპუტატმა, ტიტუს კორლეციანმა საარჩევნო კანონმდებლობასა და პროპორციულ საარჩევო სისტემასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
„რა არის თქვენი კონკრეტული ზრახვები, პოლიტიკური და კონსტიტუციური ქმედებები, რათა მხარი დავუჭიროთ გადამწყვეტ პროგრესს იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს აიღო. განსაკუთრებით ეს ეხება სასამართლო სისტემას, საარჩევნო კანონმდებლობას და უმცირესობების ენების ქარტიის ხელმოწერას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბოლო პოლიტიკურ კრიზისს, რაც გამოიწვია საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ საარჩევნო რეფორმაში შეტანილმა ცვლილებებმა, რაც გულისხმობს, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები 2024 წელს გაიმართება“, – ჰკითხა ტიტუს კორლეციანმა სალომე ზურაბიშვილს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კოდექსის საკითხზე დისკუსიაში ჩართული არიან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიები და ისინი ერთობლივად განიხილავენ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.
„ამ საკითხზე ძალიან ბევრი დისკუსია გაიმართა. მათ შორის პოლიტიკური. ამ საკითხზე საქართველოშიც არ გამიკეთებია კომენტარი და ახლაც არ ვაპირებ. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ კონსტიტუციაში წერია, შემდეგი არჩევნები 2024 წელს გაიმართება პროპორციული სისტემით. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ამ საკითხზე დისკუსიაში არიან ჩართული როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიები და ისინი ერთობლივად განიხილავენ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. გადავამოწმე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცი, რომ ამ ჯგუფმა მიაღწია არსებით პროგრესს. იმედი მაქვს, ეუთო-ს რეკომენდაციების უმეტესობა განხორციელდება შემდეგი არჩევნებისთვის, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს საარჩევნო სისტემის განვითარებისთვის, რაც ბოლო 20 წელი იყო განხილვის საგანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.