თარაშ შურღაია: ნამდვილად არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმეს, მით უმეტეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან სიტყვა არაკაცი და ფარჩაკი მეკუთნოდეს

​ნამდვილად არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმეს, მით უმეტეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან სიტყვა არაკაცი და ფარჩაკი მეკუთნოდეს, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, თარაშ შურღაია რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებას.

მისი თქმით, კონფლიქტის მიზეზი, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პირადი შეურაცხყოფაა.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მსურს მცირე განმარტება გავაკეთო საკრებულოს კომისიის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ ვიაზრებ იმ თმენის ვალდებულებას, რომელსაც საჯარო სამსახური მაკისრებს და აქედან გამომდინარე, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს შვილებს, იმის გამო რისი ნახვაც მოუწიათ. ამავდროულად, რომ ფართო საზოგადოებამ იხილა ამ კონფლიქტის ესკალაცია და არ არის საქმის კურსში რა პრეისტორია უძღოდა წინ ამ ინციდენტს. ლევან ხაბეიშვილმა არაერთხელ მოგვაყენა პირადი შეურაცხყოფა. ორი კვირის წინ მას პირადად ვესაუბრე მის სამუშაო ოთახში, რომ მისი განცხადებები ხშირად სცდება ყველანაირი პოლიტიკის, თუ ეთიკის ჩარჩოებს და ვთხოვე თავი შეეკავებინა პერსონალური შეურაცხყოფისგან. მან სიტყვა მომცა რომ მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებდა. ამ საუბარს ესწრებოდა მისი თანაგუნდელიც. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერით ჩვენს მიმართ მან გააჟღერა აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენ შეგვიძლია და ხელფასს არ ვუმატებთ კერძო კომპანიის თანამშრომლებს. მას ასეთი ტყუილი მრავლად უთქვამს და ცხადია ეს კონფლიქტის მიზეზი არ გამხდარა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ მან პირდაპირ ეთერში საკრებულოს უმრავლესობის ყველა წევრს -ფარჩაკი, იდიოტი, არაკაცები გვიწოდა და თქვა, რომ ვიმსახურებთ თავების გატეხვას ლევან ხაბეიშვილის მხრიდან. ლევან ხაბეიშვილს კარგად მოეხსენება რომ საკრებულოს ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის თანამშრომლები ალაგებენ, რომ საკრებულოს გარდა ეს ქალბატონები კომპანიას სხვა ორგანიზაციებშიც ჰყავთ დასაქმებული და საკრებულოს არანაირად არ შეუძლია კერძო კომპანიას სახელფასო განაკვეთი განუსაზღვროს, თუმცა ეს სხვა საკითხია. კონფლიქტის მიზეზი, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პირადი შეურაცხყოფაა. ჩემი აღშფოთება და ემოციური სიმშვიდის დაკარგვა სწორედ ამ თავხედობას და უზრდელობას უკავშირდება. გაერთიანებული კომისიების სხდომის მიმდინარეობისას ისევ აგრძელებდა ცინიკური პასუხების გაცემას, რამდენჯერმე შევეცადე მისი ყურადღება მიმექცია და პასუხად მივიღე ისევ ცინიკური განცხადებები, ამის შემდეგ მე განვახორციელე მის მიმართ ის მსუბუქი დამამცირებელი ჟესტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა. ეს ჩემი მხრიდან შეიძლება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი ქმედება, მაგრამ სამწუხაროდ თავი ვეღარ შევიკავე. ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის წარმოუდგენელია პოლიტიკური ქულების და სპეკულაციების გამო ხაზი გადაუსვა ყველანაირ მორალს სინდისს და ღირსებას. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ ინციდენტის ხილვის გამო, მაგრამ ნამდვილად არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმეს, მით უმეტეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან სიტყვა არაკაცი და ფარჩაკი მეკუთნოდეს.

ცხადია, ძალადობას მორალური არგუმენტით ვერ და არ გავამართლებ, თუმცა საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ასეთი იყო პრე-ისტორია და ასეთია ჩემი პოზიცია”,- წერს შურღაია.

​შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება გამწვავდა და ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები