ახმეტის მუნიციპალიტეტში 48 წლის მამაკაცი მოკლეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მკვლელობა მოხდა.მოკლულია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის მკვიდრი, 1972 წელს დაბადებული, დავით სვეტაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა, რომელიც მწყემსებს შორის გუშინ საღამოს მოხდა. 1986 წელს დაბადებულმა კახა გრიგალაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით 48 წლის მამაკაცი მოკლა.
გარდაცვლილი კასრისწყალში, ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. როგორც “რეგიონულ კვირას“ სოფელ ფშაველის წარმომადგენელმა განუცხადა, მოკლული მამაკაცი კონფლიქტური პიროვნება არ იყო.
“გარდაცვლილი კონფლიქტური ადამიანი არ ყოფილა, მწყემსად მუშაობდა მთელი თავისი ცხოვრება და პატიოსნად ცხოვრობდა, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა“,- აღნიშნა ვალერი აბრამიშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.