პროკურორი: გასაკვირია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობითი სახელების გამოყენება გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის დღეს გახდა ცნობილი
გასაკვირია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობით სახელების გამოყენება გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის დღეს გახდა ცნობილი, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
ზვიად გუბელაძე დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას პროკურორობის დროსაც არაერთხელ იქნა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და ობიექტისთვის პირობითი სახელი არაერთხელ მიუნიჭებიათ.
„ნებისმიერი იურისტისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპერატიული თანამშრომლები პირობით სახელებს ანიჭებენ იმ ობიექტებს, ვის მიმართაც უნდა განახორციელონ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. ეს შეიძლება არ იყოს ცნობილი რიგითი მოქალაქისთვის, ვისაც ამასთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ დაცვის მხარისთვის, განსაკუთრებით გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის რომ დღეს გახდა ცნობილი, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობით სახელებს იყენებენ, ჩემთვის გასაკვირია. დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას პროკურორობის დროსაც არაერთხელ იქნა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და პირობითი სახელი არაერთხელ მიუნიჭებიათ ობიექტისთვის”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
მისი თქმით, საინტერესოა ასევე ისიც, რომ მაშინ, როდესაც ბრალდებულებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან, ყურადღება მახვილდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაზე.
„საინტერესოა, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაზე საუბარი, მაშინ როდესაც ბრალდებულებს ვედავებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას, ვედავებით, რომ 7 მილიონი ლარი გაფლანგეს და ვედავებით, რომ 300 000 ლარიან ავტომობილს დაესაკუთრნენ და თქვენ ახლა კითხვებს მისვამთ მოსამართლემ რატომ გასცა განჩინება მტკიცებულებების საფუძველზე. მე გეუბნებით, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ტარდებოდა პროკურორის დავალების საფუძველზე და ფარული საგამოძიებო მოქმედება განჩინების საფუძველზე. გაეცანით საქმის მასალებს, რომლებიც გადმოგცეს და ნახავთ, რომ ეს ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს და კანონს”, – აღნიშნა პროკურორმა.