მიწიდან ბიოგაზის ამოსვლის გამო ორხევის 76-ე ბაგა ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
თბილისში, ორხევის 76-ე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მშობლებმა სასწავლო პროცესის შეჩერება გააპროტესტეს. ბაღი თვეზე მეტია არ ფუნქციონირებს. მერიაში განმარტავენ, რომ ბაღის დაკეტვის მიზეზი მიწიდან ამოსული ბიოგაზი გახდა.
ბაღის აღსაზრდელთა მშობლები ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვენ.
“თუ აქ მომწამვლელი ნივთიერებაა, არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ ჩემი შვილიშვილი მოიწამლოს. ამიტომ მაინტერესებდა, თუ რა დასკვნას დადებდა სპეციალური სამსახური, მაგრამ ეს გაჭიანურდა დროში. მე მთავარი პრეტენზია იმაში მაქვს, რომ დროზე გაირკვეს და დაიდოს დასკვნა,” – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, კახა გვანცელაძის თქმით, სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით მათ რეკომენდაცია “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან” მიიღეს.
“თბილისი ენერჯი”-ს დასკვნის შესაბამისად, ეს არ არის ბუნებრივი აირი, თუმცა არის ბიოგაზი პირველადი ვერსიით. შემდგომ ამისა “დაავადებათა კონტროლის ცენტრმა” გაგვიწია რეკომენდაცია, რომ ფუნქციონირება შეგვეჩერებინა ბაღის. მივმართეთ ლაბორატორიას, რომელთა დასკვნები მომავალ კვირას გვექნება და შესაბამისად ვიმოქმედებთ,” – განაცხადა კახა გვანცელაძემ.