ვინ არის მესხი ქალი, რომელმაც ადიგენში ძიუდოს კლუბი გახსნა (ვიდეო)

36 წლის თამარ ჩანთლაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ცხოვრობს. შავი ქამარი, კიმანო და ტატამი მისი ბავშობის მთავარი ატრიბუტებია. 13 წლის იყო, როცა მამამ ძიუდოზე შეიყვანა. მას შემდეგ წინააღმდეგობების მიუხედავად, ძიუდო მისი ცხოვრების ნაწილად იქცა.
სპორტსმენი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ძიუდო მის ცხოვრებაში გაჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. ამ დარგმა არაერთი ცხოვრებისეული გამოცდილება მისცა და მეგობრებიც მრავლად აპოვნინა.
„მამაჩემი სპორტსმენი იყო. უნდოდა შვილებს იმისთვის მიეღწიათ, რაც თავად ვერ შეძლო. მახსოვს პირველი ემოცია, როცა ტატამზე ფეხი დავდგი. საზოგადოების დამოკიდებულებასაც ხშირად ვიხსენებ. მეზობელმა მამაჩემს უთხრა, რად გინდოდა გოგო ძიუდოზე რომ შეიყვანეო. ოჯახურ ტრადიციად გვექცა სპორტი. ჩემი დაც ძიუდოისტია“,- ამბობს თამარი.
13 წლისამ გადაწყვიტა ბავშვობის ჰობი პროფესიად ექცია. ამიტომ სწავლა სპორტის აკადემიაში, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე გააგრძელა. ჯერ კიდევ მაშინ, ოცნებად ჰქონდა ძიუდოისტთა კლუბი ჩამოეყალიბებინა, სადაც სპორტის ამ სახეობაში გოგოებს ამეცადინებდა. დღეს მისი სურვილი ასრულდა. მან ძიუდოს კლუბი „სამცხე“ გუშინ ოფიციალურად გახსნა. დარბაზში ვარჯიში გოგოებისთვის უფასოა.
„ამდენი წლის ოცნება რეალობად მექცა. ვირუსების გამო ვარჯიში ჯერ არ დაგვიწყია. ყოველდღიურ სამუშაოს თებერვლიდან დავიწყებთ. ამ ეტაპზე 20-მდე გოგონა მეყოლება, რომლებმაც სურვილი კლუბის გახსნის დღიდანვე გამოთქვეს. ვიმედოვნებ მომავალში ეს რიცხვი უფრო გაიზრდება“,- ამბობს ძიუდოისტი.
ძიუდოისტი სკოლაში ყოველდღიური სპორტის გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, საკუთარი კლუბის განვითარებაზე განაგრძობს ფიქრს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები