დიმიტრი ხუნდაძე: ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების განცხადებები არ არის მათი ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძემ ​ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების ერთეული განცხადებები არ არის მათი ხელისუფლების და მათი ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
„ვფიქრობ, უფრო მეტად ანგარიშსგასაწევია ჩვენი სტრატეგიული ქვეყნის ოფიციალური განცხადებები. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება, რომ ის აფიქსირებს, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა ასე მჭიდრო არ ყოფილა არასოდეს. ასევე მნიშვნელოვანია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია დემოკრატიის განვითარების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერის აქტი საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით. ჩემში ეჭვს იწვევს, ევროპარლამენტარის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მის წარსულს გავიხსენებ, ის იყო მიხეილ სააკაშვილის ტექსტების შემქმნელი და ავტორი. ჩემში ეჭვს იწვევს ასევე ერთ-ერთი კონგრესმენის განცხადება, რომელიც არის კონკრეტული კომპანიის ლობისტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ოპერირებს და მას აქვს ადგილობრივ დასაქმებულებთან სახელფასო დავალიანებები, არბიტრაჟში აქვს საქმე. ეს კონგრესმენი ფიქსირდება, როგორც ამ კომპანიის ლობისტი. ვფიქრობ, როგორც არ ვარგა შერჩევითი სამართალი, ისე არ ვარგა შერჩევითი მოსმენა. საერთო ობიექტურობისთვის უნდა მოვუსმინოთ ყველას, მაგრამ შეფასება გავაკეთოთ იქიდან, საიდანაც ობიექტურობას არ გავექცევით და არ მოვუსმინოთ იმას, ვინც ჩვენ გვაწყობს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისათვის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ მე, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკაულმა. ამ წერილში გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები