ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს შეუძენენ
“სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.
“კომისიაზე ბორჯომიდან ხუთსულიანმა ოჯახმა დადებითი პასუხი მიიღო, ახლა მათ უნდა მოიძიონ სახლი სამი თვის განმავლობაში, შემდეგ ექსპერტიზა შეისწავლის ვარგისია, თუ არა საცხოვრებლად. დადებითი პასუხის შემთხვევაში პირდაპირ სახლის მეპატრონეს გადაერიცხება თანხა, ბენეფიციარები კი გადავლენ საცხოვრებლად“,– განმარტეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ოჯახი, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება, 26 000 ლარით დაფინანსდება.
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სოფლად სახლების შეძენის პროგრამა, 2013 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე, “სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩატარდა, შერჩეული იქნა 401 ოჯახი, რომელშიც სამცხე–ჯავახეთიდან მხოლოდ ერთი ოჯახი მოხვდა.
პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 3,5 ქულა. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.
ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან – 17000 ლარი;
ოჯახი რომელიც შედგება 3 წევრისგან – 21000 ლარი;
ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან – 23000 ლარი;
ოჯახი რომელიც შედგება 5 წევრისგან – 26000 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ შემდეგ წევრზე 26000 ლარს 3000 ლარი დაემატება.
შესაძლებელია, რომ საცხოვრებელი ფართის შესყიდვა განხორციელდეს დევნილისა და სამინისტროს თანადაფინანსებით.
საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის სამთვიანი ვადა ეძლევათ.
დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს უნდა ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი ფართის მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.