თამარ ჩუგოშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით, საერთაშორისო პარტნიორებში ჩვენ მიმართ ნდობა განადგურდა

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმაურება. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებით, საერთაშორისო პარტნიორებში საქართველოს მიმართ ნდობა “განადგურებულია”.

როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის დამაჯერებელი არ იყო მმართველი გუნდის მტკიცება, რომ კანონპროექტი შიდა პარტიული დემოკრატიის გამო ჩავარდა.

“ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც გასული წლის 14 ნოემბერს დაიწყო, როდესაც კანონპროექტი ჩავარდა. თავდაპირველად, დეკემბერში ორმა კონგრესმენმა, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, გამოგზავნეს წერილი, რომლის პასუხადაც საქართველოს მთავრობამაც გააგზავნა წერილი. გუშინ რაც ვიხილეთ, ეს არის მთავრობის წერილზე გამოგზავნილი პასუხი. იმის მიუხედავად, რომ მისი შინაარსი ჯერ არ ვიცით, მოლოდინი მაქვს, რომ ეს პასუხის პასუხი კიდევ უფრო მძიმეა. ამჯერად წერილის ავტორი აღარ არის მხოლოდ ორი კონგრესმენი. წერილის ავტორებს შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ცვლილებები, რომელიც უნდა მიღებულიყო, განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ბედს მომავალი წლების განმავლობაში და მისი ჩაგდებით, საერთაშორისო პარტნიორებში ჩვენ მიმართ ნდობა განადგურდა. ეს ნდობა კიდევ უფრო შეარყია იმ განცხადებებმა, რაც შემდგომ გაკეთდა, რომ პარტიული შიდა დემოკრატიის გამო ჩავარდა კანონპროექტი. ეს არავისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. ეს პროცესები დაიწყო და გაგრძელდება. ქვეყანას ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა და ეს რომ გაგრძელდება, ყველამ ვიცით, მაგრამ ამის გარდა რა ზიანიც შეიძლება მოგვადგეს ყველას, დროთა განმავლობაში გამოჩნდება. თუ “ქართული ოცნება” ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე. სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა განცხადებაც რომ წავიკითხოთ, ესეც კარგი იქნება, რადგან მასშიც ბევრი გასათვალისწინებელი რამ წერია,” – განაცხადა ჩუგოშვილმა.

​რაც შეეხება წერილის არ გასაჯაროვებას, პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის თქმით, კანონით, ეს საჯარო ინფორმაციაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები