ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: ხვალ, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრთან თათბირია დანიშნული
საქართველოს “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია. გამყრელიძე რეკომენდაციებს გასცემს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩინეთში, ვუჰანში მიფრინავს.
მისივე თქმით, ხვალ 10 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრთან თათბირია დანიშნული.
“ვუჰანში წამსვლელები მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს. ეს არის რეკომენდაცია მხოლოდ ვუჰანში წამსვლელებისთვის, ეს არის იმ პროვინციის დედაქალაქი, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. ასევე მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველების ბაზრებს და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს და თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, ხოლო მასზე ხელმისაწვდომობის არ ქონის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფიქციო საშუალებები. ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას. ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენ შიდა სამუშაო გეგმა თუ რა უნდა გააკეთოს “დაავადების ეროვნულმა ცენტრმა” და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. ხვალ 10 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან, სადაც წარვსდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად, იქნება კოორდინირებული მუშაობა,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ჩინეთში გავრცელებული დაუდგენელი, მომაკვდინებელი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა ლი ბინმა განაცხადა. მისი თქმით, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 440 ადამიანს შეადგენს.