ზურაბ ჯაფარიძე: შეხვედრებში, სადაც გრიგოლ ვაშაძე იქნება “ნაცმოძრაობის” პოზიციის გამხმოვანებელი, მონაწილეობას არ მივიღებთ
ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს, მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ “გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “გირჩი” გააგრძელებს კონსულტაციებს “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერებთან, მაგრამ არა გრიგოლ ვაშაძესთან.
“გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ ჩართვას ვუსმინე ეკა კვესიტაძესთან. ყველას დიდი მადლობა, მაგრამ პროპორციული არჩევნების დადება კონკრეტულად ჩვენი, “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებააო, არაფერი შეგეშალოთო, ჰოდა:
“გირჩი” გააგრძელებს კონსულტაციებს “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერებთან (ისევე როგორც სხვა პარტიებთან) იმის თაობაზე თუ როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ (როგორ დავშალოთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია), მაგრამ, ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს, მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.
კიევიდან როგორ ჩანს არ ვიცი, მაგრამ აქ ყ** არავინ არ არის,”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.