ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შეიქმნას მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის

“მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შეიქმნას უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის”, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, გამოიყენოს თანამშრომლობის ის პოტენციალი, რომელიც ევროკავშირთან არსებობს.

„დავოსში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ საკითხებს. საქართველოს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, გამოიყენოს თანამშრომლობის ის პოტენციალი, რომელიც ევროკავშირთან არსებობს. მათ შორის არის საუბარი უფრო მეტ საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირების შექმნაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამაც უნდა შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილები. ასევე საუბარი შეეხო იმ სამიტს, რომელიც შედგება 2020 წლის ივნისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, სადაც ჩვენი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი – საქართველო მზად არის კიდევ უფრო მეტი შედეგებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ევროპელ ლიდერებთან, სადაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა იყო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ეკონიმიკური ფორუმის ფარგლებში განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან. შეხვედრები შედგა ბულგარეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე ლიეტუვას პრეზიდენტთან. შეხვედრებზე საუბარი იყო რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ჩვენმა პარტნიორებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე ისინი რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობენ იმ ოკუპაციას, რის ქვეშაც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები