„თან მყინვარწვერს გავყურებ, თან ჩემი სიზმრები გადმომაქვს აიპადის ეკრანზე“…

პროფესიით ინჟინერელექტრომექანიკოსი. პირველად კალამი რიოდე წლის წინ აიღ, როგორც ამბობს, მანამდე სკოლის თემაც კი არ დაუწერია.
თავიდან ეშინოდა, როგორ შეხვდებოდა მკითხველი. ამიტომ ფსევდონიმით შენიღბვა გადაწყვიტა, ისე, რომ არდაშელის ნამდვილი ვინაობა ოჯახშიც კი არ იცოდნენ...
ოთხი წიგნის ავტორია. პირველი კრებულიიტალიური ეზო“ 25 ნოველას აერთიანებს, მას მოჰყვაპიანინოდა „Amapola“, მიკრორომანი „მანუსკრიპტი“.
ახლახან დაასრულა ფსიქოლოგიური რომანი „ნაბო“. ნოველების მეოთხე კრებულის  გამოცემასაც აპირებს. – მწერალ არდაშელ თაქთირიძის  (გიორგი თაქთაქიშვილის) პერსონა.

– თბილისში გავიზარდე, ჩუღურეთის უბანში, „იტალიურ ეზოში“, მამაპაპური სახლის მეორე სართულზე. ეს ის უბანი იყო, ქვა რომ გადაგეგდო, ქურდს თუ არა, „მომავალს“ მაინც მოხვდებოდა თავში.
ჩვენს ეზოში ცხოვრობდა ლოთი არმენას შვილი გოგია. უბანში “დურუს” „კლიჩკით“ იცნობდნენ. 42 წლისას 45 წლის „სროკი“ ჰქონდა მოხდილი. ჩემს უბანში ეგეთებიც ხდებოდა. იკითხავთ, როგორო? როგორ და, ციხიდან ამნისტიით დროზე ადრე უშვებდნენ. მაგ „დურუს“ „ლუბიმჩიკი“ ვიყავი. კიბის საფეხურზე დაჯდებოდა, მეც გვერდით მომისვამდა და „მანათლებდა“:
– გიაჯან, ფარშევანგი იცი, როგორი ჩიტია? კუდს „ვეირივით“ შლის, აი, ასე! – ორივე ხელს მიატყუპებდა და თითებს მარაოსავით გაშლიდა.
ფილმი „შესანიშნავი შვიდეული“ უყვარდა, ჩემთან ერთად არჩევდა:
– კალვიერა პრავ, ტო, ეს ნაბოზრები, კრისი და ბრიტი, უბანში მიუვარდნენ, ხიპიში აუტეხეს. ეს ეუბნება, წადით რა, შვილო, ჩემი უბანია, საქმეს მიხედეთ! არ მოეშვნენ, ტო, დასაბრედები იყვნენ და დაიბრიდნენ.
მარეხა და შოღიკა მახსოვს, მთელი დღე რომ ჩხუბობდნენ და ერთმანეთს „ბოზოს“ ეძახდნენ, საღამოს კი, მაინც ერთად მიდიოდნენ „საქმეზე“.
გაგიჟებული ფიზიკოსები, და-ძმა, თამარა და სტიოპა ბაგრამოვები მახსოვს, ზამთარ-ზაფხულ ცელოფანში შეფუთულები რომ დადიოდნენ, მეზობელ ქეთოს რენტგენის აპარატით რომ არ დაესხივებინა. გამიგრძელდა, მოგონებებში გადავვარდი. ისე, ჩემს ჩამოყალიბებაში ამ გარემომ დიდი როლი ითამაშა.
დედაჩემი, ლია ცაბაძე, ფრანგული ენის სპეციალისტი იყო. სუსტი ქალი, ცემა არ იცოდა, რომ გავაბრაზებდით, ტირილს იწყებდა. ამბობდნენ, გათხოვებამდე მუშაობდაო. რაც მე მახსოვს, სამ შვილს გვზრდიდა, ცივ ნიავს არ გვაკარებდა. უყვარდა პიანინოზე დაკვრა და სიმღერა, კარგად უკრავდა, უნდოდა ჩემთვისაც ესწავლებინა, მუსიკაზე შემიყვანა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დედის მხრიდან გოგი ცაბაძის ნათესავი ვარ, ხოლო მამის მხრიდან ოთარ თაქთაქიშვილის, არც სმენა აღმომაჩნდა და არც ხმა.
მამაჩემი, ნუგზარ თაქთაქიშვილი, წლების მანძილზე სასმელი წყლების სამმართველოს უფროსი იყო. უამრავ ხალხს იცნობდა, ამიტომ ჩვენს სახლში მუდამ სუფრა იყო გაშლილი. ხასიათი რბილი ჰქონდა, რომ იტყვიან, „გამსწორებელი“. ჩემთვის უფროსი მეგობარი უფრო იყო, ვიდრე მშობელი.
– შვილო, ძლიერი მაშინ კი არ ხარ, რომ იჩხუბებ და მოერევი, ძლიერი მაშინ ხარ, საჩხუბარი სიტუაციიდან უჩხუბრად რომ გამოხვალო!
ახლაც, როცა მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, წარმოვიდგენ, მამაჩემი როგორ მოიქცეოდა ჩემს მდგომარეობაში და ისე ვიქცევი.
რომელი საგნები გიყვარდათ სკოლაში, მე მგონი, არც ფიქრობდით მაშინ, რომ მწერლობას დაიწყებდით?
– სკოლაში შვიდი წლის შემიყვანეს და კაკალა მასწავლებელს ჩააბარეს ჩემი თავი. კაკალა ერქვა, თუ ეძახდნენ, არ ვიცი, მკაცრი კი იყო. „დედაენას“ გვასწავლიდა და არითმეტიკას.
არ მომწონდა „დედაენა“, რეალობას იყო აცდენილი.
– აბა, თაქთაქიშვილი, ეს რა ასოა? – კაკალა მასწავლებელი თითს სიტყვის პირველ ასოს ადებს და აყოლებს
– „ღ“, „ო“, „რ“, „ი“ გულმოდგინედ ვპასუხობ ნაცნობ ასოებს.
– რა გამოვიდა? – დასჭექს კაკალა მასწავლებელი.
– გოჭი! – დღესაც მჯერა, რომ ასობგერა „ღ“-ზე ღორი კი არა, გოჭი იყო დახატული. კაკალა მასწავლებლის რეაქციაზე მივხვდი, რომ ქართული ენა ჩემი საქმე არ იყო და ბედი მათემატიკაში უნდა მეცადა.
პროფესიით ინჟინერელექტრომექანიკოსი ხართ. ელექტრონიკის ფაკულტეტზე ჩააბარეთ…

მეუღლესთან ერთად

– მაშინ მეათე კლასში ვიყავი, მამაჩემმა ბიძაჩემ შოთიკოს ნახმარი მაგნიტოფონი რომ მოიტანა. უნდა გადაეგდოთ და მამაჩემს დანანებია, „იქნებ ნაწილები რამეში გამომადგესო“, წამოუღია. ახლა ახალგაზრდები ჯიბის „პლეერის“ ყურსასმებებს რომ გაირჭობენ ყურებში და გამოქლიავებულები ქუჩაში თავის კანტურით დადიან, მაშინდელ მაგნიტოფონს დიდი „ბაბინები“ ჰქონდა და მინიმუმ 20 კილოგრამს იწონიდა.
მოკლედ, მოიტანა მამაჩემმა სახლში დაშლილი მაგნიტოფონი, თავისი „ბაბინებით“. ისეთი დაშლილი, რომ მექანიკას ვინ ჩიოდა, „ელექტროპლატების“ შემაერთებელი მავთულებიც კი დაწყვეტილი ჰქონდა.
საღამოს ჩავუჯექი და დავიწყე აწყობა. მექანიკური ნაწილი კი ავაწყე, მაგრამ ელექტრობის ბევრი არაფერი გამეგებოდა, ფერების მიხედვით ვაერთებდი მავთულებს. რომ ავაწყე და ჩავრთე, მოულოდნელად ამუშავდა. ოჯახში გადაირივნენ, „დიდი ელექტრიკის“ სახელი გამივარდა. ნათესავ-მეზობლებმა დაიწყეს გაფუჭებული ელექტროტექნიკის გასარემონტებლად ჩემთან მოტანა.
ჩემზე ლეგენდა რომ არ „დანგრეულიყო“, პიონერთა სასახლეში რადიომოყვარულთა წრეზე ჩავეწერე, გამოვიწერე ჟურნალები: „რადიო“, „ელექტრონიკა“, „მეცნიერება და ტექნიკა“.
ელექტრონიკას ისე ჩავუჯექი და ავითვისე, რომ ელექტრონიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და „ჩემი არსობის პურად“გავიხადე.
გვიან დაიწყეთ წერამაგრამ მწერლისთვის მხოლოდ კარგი, გამართული წერა არ არის საკმარისი, აუცილებელია ცხოვრებისეული გამოცდილებაცმეთანხმები?
– დიახ, გეთანხმებით, მარტო ის კი არ არის მთავარი, როგორ წერ, ისიც მთავარია, რას წერ. ხოლო ის რომ დაწერო, რაც აქტუალურია და მკითხველს დააინტერესებს, წლობით ნაგროვები ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო.
არდაშელ თაქთირიძის ფსევდონიმით წერთ. თავიდან თქვენი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, რომ თქვენი ფსევდონიმი იყო, კურიოზიც კი შეგემთხვათ
– არდაშელ თაქთირიძის პირდაპირი შთამომავალი ვარ. მამაჩემს ჩემთვის არდაშელის დარქმევა სდომებია, მაგრამ დედაჩემს ხელები გაუსავსავებია და ბოლოს დიდი პაპის სახელი დამარქვეს. ასე რომ, სამწერლო ფსევდონიმის გარეშეც „ვიმსახურებ“ არდაშელობას.
თქვენი ნოველები ცხოვრებისეული ამბებია. ფანტაზია როგორ მოდის?
– ეს სიზმარი არ არის, უფრო ზმანებაა: მეც იქ ვარ, ზოგჯერ მონაწილე, ზოგჯერ მაყურებელი. თითოეულ მოქმედებას, თითოეულ გმირს ცხადად ვხედავ. ვხედავ ჩემს თავსაც მათ შორის, ისე ცხადად, როგორც არასდროს.
თვითონ განვიცდი ყველაფერს. დილით ვდგები და ნანახს აღვწერ, სულ ეს არის ჩემი მონაწილეობა, დანარჩენი ჩემ გარეშე, ძილში ხდება. ზოგჯერ ორი ისეთი განსხვავებული მოვლენა ჩაიხლართება ლოგიკურად ერთმანეთში, რასაც ცხადში ვერაფრით დავაკავშირებდი.
ოთხი წიგნის ავტორი ხართ. პირველი კრებულიიტალიური ეზო“ 25 ნოველას აერთიანებს, მას მოჰყვაპიანინოდა „Amapola“. რა განცდაა წიგნიდან წიგნამდე?
– წიგნიდან წიგნამდე, წიგნის სათაურის შერჩევაა, მერე, ნოველების მიმდევრობის დადგენა, მერე, გამომცემლობაში მიტანა, დიზაინერთან მუშაობა, კორექტურა, მერე, სტამბაში ყურყუტი, რომ წიგნი დროულად გამოიცეს, და ბოლოს, გულისტკივილი, რომ შეიძლებოდა რაღაც უკეთესად დაწერილიყო, სადღაც გრამატიკული შეცდომა არ გაპარულიყო, მაგრამ უკვე გვიანია, წიგნი გამოცემულია, ხელს ჩაიქნევ და ახალ წიგნზე იწყებ მუშაობას.
თქვენი ამბები მწერლური ოსტატობით არის დაწერილი, დამაჯერებლად მიგაქვთ მკითხველამდე სათქმელიდა მაინც, თქვენი რომელი ნოველა გიყვართ და რატომ?
– „პიანინო“ მიყვარს, რადგან დედაჩემზეა. მართალია, მისთვის პიანინო არავის გაუყიდია, მაგრამ რომ ვკითხულობ, დედაჩემი მახსენდება და ცრემლები თავისით მოდის.
კიდევ, „პლუშის დათუნია“ მიყვარს, ობოლი ბავშვების ნუგეშ დათუნიაზეა. წიგნად ჯერ არ გამოცემულა, თუმცა ინტერნეტვერსია ჩემს ფეისბუქის გვერდზე დევს.
„მგელი“ მიყვარს განსაკუთრებით და წელს აუცილებლად გავგზავნი რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსზე. მგლის გაადამიანებაზეა „მასლოუს პირამიდის“ მიხედვით.
თქვენს ნოველებში რეალური პიროვნებებია გაცოცხლებულისაინტერესო ისტორიებიც გექნებათ…

შვილიშვილები

– ყველა ჩემს ნოველას უდევს საფუძვლად ასეთი ისტორიები. ზოგში რამდენიმე ისტორიაა გაერთიანებული. „იტალიური ეზო“ ის ეზოა, თავისი ბინადრებით, რომელშიც გავიზარდე. სურამის ქუჩაზე მართლაც მოდიოდა რუსი ბალერინა – კრისტინა, რომელიც „ჟიზელიდან“ მონაკვეთს იცეკვებდა, „პრიმას“ გამოგვართმევდა და მიდიოდა. საწყალი, ბოლოს რკინიგზის სამმართველოს სავენტილაციო მილში მკვდარი იპოვეს. „მელიკოც“ ნამდვილი ამბავია, „ძიძაც“ და კიდევ ბევრი თავს გადახდენილი, გაგონილი თუ მოგონილი ამბავი.
მკითხველთან უშუალო ურთიერთობა გაქვთ ფეისბუქის გვერდით. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ურთიერთობა თქვენთვის?
– ფეისბუქი ჩემი თერმომეტრიცაა, ბარომეტრიც და ფონედოსკოპიც. მისი საშუალებით მუდმივად პულსზე მიდევს ხელი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ რეაგირებს მკითხველი კარგზე და ცუდზე, როგორ სწორად ხვდებიან დედააზრს, ესმით, რისი თქმა გინდა, რას მიანიშნებ.
გამოიცა მიკრორომანიმანუსკრიპტი“, რომელიც რთული არქიტექტონიკით გამოირჩევა. რამ მოგცათ შთაგონება?
–  გაგიკვირდებათ, მაგრამ შთაგონება არა სერაფიტამ ან ფარსმან ქველმა, არამედ ქსეფარნუგმა მომცა. პირველ საუკუნეში, ფარსმან ქველის მოწამვლის შემდეგ ტახტზე ადის ქსეფარნუგი, რომელსაც მეფეთა სიაში ვერ შეხვდებით, თითქოს ფარსმანის შემდეგ მეფობა პირდაპირ მის ვაჟს – ადამს გადაეცა. მხოლოდ სერაფიტას საფლავის ქვის წარწერაშია მისი სახელი ნახსენები.
ცხადია, რევოლუცია მოაწყო და ძალადობრივად დაეუფლა ტახტს. საიდან მოვიდა ქსეფარნუგი, ან მანამდე სად იყო? იბერიელი უნდა იყოს, თანაც ფარსმან ქველის ოჯახის წევრი, თორემ ეზოსმოძღვარი იოდმანგანი, რომლის მამა – აგრიპა ფარსმან ქველის ეზოსმოძღვარი იყო, არ უერთგულებდა და არც პიტიახშები მიიღებდნენ.
სათქმელი ამ მოთხრობით ბევრი მაქვს. თუნდაც ის, რომ საუკუნეების მანძილზე არ იცვლება სახელმწიფოს მართვის და ტახტის დაუფლების მეთოდები.
ჰობი...
– პროფესიით ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი ვარ, ლუკმაპურს პოლიგრაფიით ვშოულობ, თანაც ვწერ. უკვე აღარ ვიცი, რომელი პროფესიაა და რომელი ჰობი.
 უამრავი ჯილდო გაქვთ – სამეცნიერო ნაშორმებისთვის და მწერლობაშიცახლახან რევაზ ინანიშვილის სახელობისერთი მოთხრობისპრიზიორი გახდით...
– ჩემი სამეცნიერო ნაშრომებისთვის დაჯილდოვებული ვარ: ორდენით „ადამიანი ლეგენდა“; „ამერიკის ღირსების“ მედლით; მაქვს წოდება – „მსოფლიოს 2002 წლის ადამიანი“ და შეყვანილი ვარ წიგნში „მსოფლიოს 2000 ინტელექტუალი“, რომელიც გამოსცა კემბრიჯის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა.
ვარ „ოქროს ფრთის“ მფლობელი ქართული მწერლობის მხარდაჭერისთვის, მაგრამ, გეფიცებით, ყველაზე დიდი ჯილდო რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში მივიღე – ორი წლის წინ პრიზიორი გავხდი ნოველისთვის „ქურდი“.

ფატი კახნიაშვილი ჯილდოს გადასცემს არდაშელ თაქთირიძეს

ქალბატონ ფატი კახნიაშვილის დამზადებული ხელნაკეთი „სანიშნე ყურძნის მტევნით“ კი, რომელიც ამ ბოლოს გადმომეცა მთხრობისთვის „ბორკილები“, ჩემს ჯილდოებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
მოთხრობა „ბორკილები“ ისევე დაიწერა, როგორც ჩემი ნოველების უმრავლესობა – ძილში, ოღონდ რამდენიმე ღამე მეზმანებოდა სერიალივით.
ოჯახი, შვილები, შვილიშვილები
– დიდი ოჯახი მაქვს – მეუღლე, სამი შვილი, სიძე, რძალი და ხუთი შვილიშვილი. კიდევ, ძიძები ცხოვრობენ ჩვენთან. საცხოვრელად საგურამოში გადავედი. შაბათ-კვირას ყველანი აქ ვიკრიბებით. წერა რომ მომინდება, უფრო სწორად, წერა რომ ამიტანს, აივანზე ვჯდები მოწნულ საქანელაში, ხელში „აიპადს“ დავიჭერ, თან მყინვარწვერს გავყურებ, თან ჩემი სიზმრები გადმომაქვს აიპადის ეკრანზე.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– არაფერს!
 სამომავლო გეგმები
–  ახლახან დავამთავრე ფსიქოლოგიური რომანი „ნაბო“. მაგის, და კიდევ, ნოველების მეოთხე კრებულის გამოცემას ვგეგმავ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები