გივი მიქანაძე: ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის საკითხები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია და მის შედეგს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

მიქანაძის თქმით, საბჭოში, პარიტეტული წესით, ორივე უნივერსიტეტი თანაბარი უფლებამოსილებით იქნება წარმოდგენილი.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ის საკითხები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია და მის შედეგს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების პოზიციები მომესმინა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩემგან შეთავაზებული ყოფილიყო კონკრეტული წინადადება, იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას უკავშირდება.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტმა განიხილა და მიიღო კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია. ერთ-ერთი ნორმა, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას ითვალისწინებს, რაც მინისტრის მიერ დროებითი საბჭოს დანიშვნას და დაკომპლექტებას გულისხმობს. საბჭოში, პარიტეტული წესით, ორივე უნივერსიტეტი თანაბარი უფლებამოსილებით იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი კანდიდატების წარდგენა, თავად უნივერსიტეტების მხრიდან მოხდება.

უნივერსიტეტებს შევთავაზეთ, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი საბჭო, რომელიც 2-2,5 წლის მანძილზე წარმართავს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესს. თავის მხრივ, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პირველ ეტაპზე ყველა საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ნაბიჯებს გადავდგამთ.

ყველა ვთანხმდებით, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. შეხვედრის მონაწილეებს ვთხოვეთ, რომ  კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ჩვენს მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გააანალიზონ და იმსჯელონ მის მიზანშეწონილობაზე. პარალელურად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენს გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ ყველა გამოთქმულ პოზიციას და ვიმსჯელებთ, იმაზე თუ რა შეიძლება საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით დამატებით შევთავაზოთ, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები