გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, დიპლომატიური კორპუსის საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“დღეს გაიხსნა მნიშვნელოვანი თბოელექტროსადგური, ეს გახლავთ გარდაბანი 2 , რომელიც არის კომბინირებული თბოელექტროსადგური, 230 მეგავატი სიმძლავრის მქონე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველ რიგში საქართველოს ელექტროსისტემის მდგრადობისთვის და ასევე, რა თქმა უნდა ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.
„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასა და ნულიდან აღდგენას გულისხმობს. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.