იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის – “Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის” – საინფორმაციო შეხვედრები 20-24 იანვარს, ჩატარდება.
შეხვედრა იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებთან იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩაატარებენ, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მოწვევით ჩამოვლენ.
ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები დაესწრებიან, ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე არსებული შესაძლებლობების, გამოწვევებისა და ინოვაციების შესახებ.
პროგრამა – “Doctorate Lab – მომავალი დოქტორანტებისათვის” ხორციელდება ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების – საქართველოში უნგრეთის, იტალიის და საფრანგეთის საელჩოების მხარდაჭერით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი ქვეყნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების საქართველოში მოწვევას და ვიზიტის ორგანიზებას.
აღნიშნული პროგრამის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის) წახალისება/მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო დონეზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე.
მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გეგმავენ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ დოქტორანტურის საფეხურზე. აგრეთვე, ცენტრის პარტნიორი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; კავკასიის უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
Doctorate Lab-ის ფარგლებში, შემდეგ ეტაპზე, პარტნიორი საელჩოს მხარდაჭერით, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები უნგრეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები