კრემლი აფხაზ ახალგაზრდებს ახალ პარტიაში გააერთიანებს? – “განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდები მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდნენ”
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკრაინასთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ინალ არძინბა, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს.
29 წლის არძინბა, რუსეთის საპატრიარქოს ახალგაზრდობის საკითხთა საბჭოს თავმჯდომარე და ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას, ნათესავია.
როგორც რუსულ მედიასთან საუბარში არძინბამ აღნიშნა, ახალი პარტია ახალგაზრდების ინტერესებს გამოხატავს. მისი თქმით, „რესპუბლიკაში განვითარებულმა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა“ აჩვენა, რომ „საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდები საკვანძო აქტორები და ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდნენ“, თუმცა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის პირობებში, მათ განვითარება უჭირთ.
პარტიის შექმნა მარტისთვის იგეგმება, და ის ეტაპობრივად მოხდება. თავდაპირველად, ახალგაზრდა ლიდერების კონკურსი ჩატარდება, რომლის გამარჯვებულები, სურვილის შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური სტრუქტურის შექმნაში შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.
ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.