ასლან ბჟანია: შაუმავლების გარეშე ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი უნდა იყოს
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია, მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი შუამავლების გარეშე უნდა იყოს.
ამის შესახებ ბჟანიამ „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.
„დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა. ამიტომ ვამბობ, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა.
– თქვენი აზრით, ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის დღის წესრიგი სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს?
– თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ესაა ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება. ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს.
– თქვენ ყურადღება შორეულ პერსპექტივაზე გაამახვილეთ. რაც შეეხება უახლოეს პერსპექტივას, რა საკითხები შეიძლება იყოს დიალოგის დღის წესრიგში?
– ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში.
ეკონომიკა ის სფეროა, რაშიც ჩვენ გვაქვს კავშირები. გვაქვს საქონლისა და პროდუქციის გაცვლა-გამოცვლის გამოცდილება, ასევე მომსახურების სფეროში ურთიერთობები.
ჩვენ უნდა ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ თუნდაც კერძო კომპანიებს შორის გაფართოვდეს თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ თუ ამის გაკეთება შევძელით, ეს შესაძლებელს გახდის ჩვენ ხალხებს შორის ნდობის აღდგენას. მე ასე მესახება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივა. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.
– რამდენადაც ვიცი, ახლა თბილისსა და სოხუმს შორის ყველაზე აქტუალური თემებია გალის რაიონში დაბრუნებულ დევნილთა მდგომარეობა. ცნობილია ისიც, რომ აფხაზეთის წინა ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, მათ არც სამართლიანად და არც წესიერად არ ექცეოდა. ასევე აქტუალურია აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დევნილთა დაბრუნების საკითხები. ამ ორ საკითხზე როგორია ხედვა და დამოკიდებულება?
– იმისთვის, რომ ამ საკითხებზე საფუძვლიანად ვისაუბრო, თან ისე, რომ ჩემი საუბარი და განცხადებები ზედაპირული არ ჩანდეს, მე ამ საკითხებში უფრო დეტალურად უნდა გავერკვე. თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, ამ თემებზე ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბრის საშუალება. კარგი?
– ახლა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მოსკოვი სოხუმისაგან ითხოვდა და ახლაც ითხოვს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება. ასევე იმას, რომ სოხუმმა საშუალება მისცეს რუსულ კომპანიებს, დაიწყონ შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთის შელფზე ნავთობის მოპოვება. ვიცით, რომ ამ საკითხებს სოხუმის წინაშე მოსკოვი კარგა ხანია აყენებს, მაგრამ მოსკოვს აფხაზეთის არცერთი ხელისუფლებისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი არ აქვს მიღებული. ასევე ცნობილია, რომ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში თუნდაც წინა ხელისუფლებებმა გარკვეული ნაბიჯებიც კი გადადგეს. ამ საკითხებზე როგორია პირადად თქვენი დამოკიდებულება?
– რაც შეეხება შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთის შელფზე ნავთობის მოპოვებას, აუცილებელია ამ პროქტზე მუშაობის გაგრძელება. რამდენადაც ვიცი, საუბარია ნავთობის საძიებო-სადაზვერვო სამუშაობის დაწყებაზე. მოპოვებაზე საუბარი ჯერ არაა.
რაც შეეხება საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებზე უძრავი ქონების შეძენის უფლებას, ჩემთვის საკითხის ასე დაყენებაში ყველაფერი გასაგები არაა. საუბარია აფხაზეთის მოქალაქეების ფუნდამენტალურ უფლებებზე. რამდენადაც ვიცი, საკუთრების უფლება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა. იგი ასახულია მათ შორის საქართველოს კონსიტუციაშიც. ასე არააა?
ალბათ, საქართველოს საკუთრების მქონე მოქალაქეებს აქვთ მათ საკუთრებაში არსებული ქონების საკუთარი შეხედულებების შესაბამისად გაყიდვის უფლება. მაგრამ, აფხაზეთის სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ სათანადოდ არ არიან გაძლიერებული, რომ ამის განხორციელება შეძლონ, ჩვენ პრობლემები გვაქვს სხვადასხვა სახის სამართლებრივ საკითხებში.
ჩვენი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება. ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა მინუსი თუ პლუსი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, კანონის ყველა მუხლის დაცვით, აუცილებლად უნდა იქნას აღსრულებული.
ვიმეორებ, მე ვაღიარებ მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლელებს კერძო საკუთრებასთან მიმართებაში.
– ამ ეტაპზე აქტუალურია გავრცელდება თუ არა მოქალაქეების საკუთრების უფლება გალის რაიონში მცხოვრებლებზე?
– რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ პასპორტები, ეს საკითხი ტექნიკურია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ გალის რაიონში იმ მცხოვრებლებზე, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, ეს უფრო რთული საკითხია. რაზეც მე ვისაუბრე, ის ეხება იმათ, ვისაც აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა.
– უკაცრავად, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, გალის რაიონში მცხოვრებლებს ჰქონდათ აფხაზეთის მოქალქეობა და მათ მოქალაქეობა და ამის დამადასტურებელი პასპორტები ჩამოართვეს…
– მე ვიცი ის, რომ ჩვენ ამ საკითხს უფრო დეტალურად შევისწავლით, ამ საკითხში აუცილებლად გავერკვევით და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება მოქალაქეების უფლებების დაცვაზე. თქვენ შეგიძლიათ ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.
– შეიძლება ეს საკითხი ეხებოდეს გალის რაიონში მცხოვრებთა უფლებას განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე?
– არის პრობლემები, რომლებშიც დეტალურად არ ვარ გარკვეული. არ მინდა წინასწარ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომელთა გამო შემდეგ იმავე განცხადებების ტყვეობაში აღმოვჩნდები. მომეცით საშუალება ამ საკითხებში უფრო დეტალურად გავერკვე. კარგი?
წყარო:https://www.interpressnews.ge/