სერგი კაპანაძე: ანრი ოხანაშვილზე ძალადობის ფაქტს ვგმობ

ანრი ოხანაშვილზე ძალადობის ფაქტს ვგმობ და არანაირად არ მივესალმები, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

კაპანაძის თქმით, ნებისმიერი ძალადობა გაუმართლებელია.

“ანრი ოხანაშვილზე ძალადობის ფაქტს ვგმობ და არანაირად არ მივესალმები. ნამდვილად არ დავემსგავსები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც მსგავს ვითარებაში მათი აქტივისტების გამართლებას სხვადასხვა არგუმენტით ცდილობდნენ. ნებისმიერი ძალადობა გაუმართლებელია. ეს არის ცალსახა და ჩემი მხრიდან არაერთგვაროვანი პოზიცია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა.

ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სამ დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, საქმე კი მომხდარ ფაქტზე სსკ-ის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები