გორის მერმა მშენებარე ობიექტები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა  მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მშენებარე ობიექტები დაათვალიერა.

ამჟამად გორში 4 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მტკვრის სანაპიროს ნაპირგამაგრება ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, საბავშვო ბაღი სადგურის დასახლებაში, ცხოველთა ახალი თავშესაფარი და მუნიციპალური ავტობუსების სადგომი კომბინატში – გასული წელს დაწყებული გარდამავალი პროექტებია, რომელთა მშენებლობა გეგმის მიხედვით, 2020 წელს უნდა დასრულდეს.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. დაგეგმილია ბარნოვის ქუჩაზე სასეირნო ბულვარის მოწყობა და რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩის 370 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რითაც მნიშვნელოვნად განიტვირთება ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩებზე. პროექტის ღირებულება 2 მილიონზე ლარზე მეტია. საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები სადგურის დასახლებაში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ხელშეკრულების მიხედვით 6 თვეში უნდა დასრულდეს. 488 კვადრატული მეტრის ფართის შენობა კეთილმოწყობილი ეზოთი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი და მთლიანად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 018 493 ლარია.

ცხოველთა ახალი თავშესაფრის მშენებლობა კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარეობს. თავშესაფარი კომპლექსური ობიექტია, რომელიც გააერთიანებს ადმინისტრაციულ შენობას, ვეტერინარულ კლინიკას, ვოლიერებს, პოსტოპერაციულ ბლოკებსა და ცხოველთა სასეირნო სივრცეებს. თავშესაფრის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 897 000 ლარით აფინანსებს.

თავშესაფრის მახლობლად შენდება კიდევ ერთი მუნიციპალური ობიექტი ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა. პროექტის ღირებულება 951 000 ლარია. ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, გორის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტს 2020 წლის გაზაფხულისთვის გადაეცემა. პროექტის დასრულების შემდეგ, პირველად, გორში ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც მოგვარდება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები