დღეს ლადო ასათიანის დაბადების დღეა

ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს ქალაქ ქუთაისში დაიბადა, მისი მშობლები ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალის მკვიდრები იყვნენ, სადაც ახლა ლადოს სახლ-მუზეუმი მდებარეობს.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. მოკლე ხანში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა.

ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში.ის ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშაოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა.

დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. 1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1938 წლის ზაფხულიდან, ლადო ასათიანი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.

1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.

1939 წელს ლადო ასათიანი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.

ლადო ასათიანმა მეუღლე ანიკო ვაჩნაძე, პირველად შემთხვევით ქუჩაში ნახა. ის ულამაზესი ქალი იყო. ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დაქორწინდნენ. ისინი მხოლოდ 5 წელი იყვნენ ერთად.ერთადერთი ქალიშვილი,მანანა შეეძინათ.პოეტის გარდაცვალებამ მისი მეუღლე სრულიად ახალგაზრდა დააქვრივა და 2 წლის გოგონათი სრულიად მარტო დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, მეორედ აღარ გათხოვდა და სიცოცხლის ბოლომდე ლადო ასათიანის სიყვარულის ერთგული დარჩა.

ლადო ასათიანი 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 წლის შემდეგ, 1968 წელს პოეტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები