“ღვინის ეს სახეობა ძალიან ჰგავს ქალის ხასიათს”- 44 წლის მეღვინე ქალის წარმატებული ბიზნესი
“ღვინოს ეს სახეობა, თავისი ჰარმონიულობით, სასიამოვნო გემოთი და განსხვავებული შეფერილობით ქალის ხასიათს ჰგავს,” – ამბობს აჭარის ერთ-ერთ სოფელში, ახალშენში მცხოვრები 44 წლის ინდირა ჯაფარიძე, რომელიც 25 წელია ღვინის ბიზნესს აწარმოებს.
მისი თქმით, ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და დაწმენდილი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი ბოთლებში ჩამოსხმა და ბრენდირება.
დღესდღეობით მისი ოჯახური საქმიანობა “ჯაფარიძეების მარანის“ სახელითაა განთქმული. აქამდე თუ მეღვინეობით ინდირას მეუღლე იყო დაკავებული, ახლა ახალგაზრდა ქალის მიზანი, მის მიერ წარმოებული და ბრენდირებული “ჩხავერის“ ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე გატანაა.
“25 წელია ჩემი ოჯახი ამ საქმიანობითაა დაკავებული. თავდაპირველად ამ სფეროში ჩემი მეუღლე ჩაერთო, მე ვეხმარებოდი, შემდეგ კი გამიჩნდა იდეა მეც მეწარმოებინა ღვინო, რომელიც ძალიან ჰგავს ქალის ხასიათს. ტექნოლოგიურად სუფთად უნდა დამზადდეს, რის შემდეგაც ბოთლებში ჩამოსხმა უნდა განხორციელდეს. “ჩხავერს“, ძირითადად, მე და ჩემი ქალიშვილი ვამზადებთ. მიხარია, რომ მასაც აინტერესებს ეს სფერო და მიზნად აქვს დასახული “ჩხავერი” გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპული ბაზრისთვის,“– ამბობს ინდირა ჯაფარიძე.
ახალგაზრდა მეღვინე ქალი სპეციალობით ქიმიკოსია. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიური ანალიზისა და სურსათის უსაფრთხოების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ნატურალური და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინის წარმოებაში ეხმარება.
“აჭარაში ნატურალური ღვინის წარმოება მნიშვნელოვანია. მანამ, სანამ თურქები დაიპყრობდნენ რეგიონს. პოპულარული იყო ღვინის კულტურა, შემდეგ კი ყველაფერი გაანადგურეს. 300 წლიანი თურქების ბატონობის შემდეგ კი, საბჭოთა კაშირის პერიოდი იყო. ამ ეტაპზე აღნიშნული კულტურის პოპულარიზაცია არ ხდება აჭარაში. ამიტომ ეს სიახლე მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამისთვის კი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის სხვადასხვა სოციალური პროექტები ხელის შემწყობი ფაქტორი იქნება. იქ სადაც საუკუნეების წინ ვენახები გაიჩეხა, უნდა დაბრუნდეს მოსახლეობა და ააღორძინონ ძველი ტრადიცია. ამისთვის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია,“ -დასძენს ინდირა ჯაფარიძე.
როგორც თვითონ ამბობს, ოჯახური ბიზნესის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, მიზნის განხორციელებისთვის ფინანსური მხარდაჭერაც სჭირდებოდა. მან “აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, მიღებული თანხით ნატურალური ჩხავერის დასამზადებლად უჟანგავი ფოლადის ცისტერნები, კვერცსაცლელი და მცირე მოცულობის ღვინის ბოთლებში ჩამოსასხმელი დანადგარები შეიძინა. ამ დანადგარებით არამხოლოდ ინდირამ, არამედ მეღვინეობით დაინტერესებულმა პირებმაც ისარგებლეს, რაც მათთვის ამ კულტურით დაინტერესების დიდი სტიმულის მიმცემი იყო.
ახალგაზრდა ქალი ასევე “ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ პროექტის ბენეფიციარიცაა.
“აჭარაში ქალების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ბევრს აქვს ძალიან კარგი იდეა, რომლის განხორციელებაც რეგიონს და არამხოლოდ მას, ხელს შეუწყობს. რამდენიმე პროექტში მივიღე მონაწილეობა, ეს არის “აწარმოე საქართველოში“,”ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო “ფერმერთა ასოციაციის ხელშეწყობა“, ამ ყველაფრის წყალობით მე შემიძლია ჩემი მიზანი განვახორციელო, ვიბრძოლო სამომავლო წარმატებისთვის. “ჩხავერი“- ეს არის ქალის მიერ დამზადებული ღვინო, რომელის ბრენდირებასაც მალე განვახორციელებ,“ -ამბობს ინდირა ჯაფარიძე.
ფიქრია დავლაძე