20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულები პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომას არ ესწრებიან
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ.
როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა განაცხადა, დაკავებულები სასამართლოს პროტესტს უცხადებენ, რადგან პოლიტიკურ რეპრესიებს აქვს ადგილი.
“სავარაუდოდ, ორი – სამი მოწმე დაიკითხება, ალბათ ისევ პოლიციელები და ალბათ, ისევ არაფრის მომცემი ჩვენებები იქნება, რომლებიც ცალსახად ვერ და არ დაადასტურებენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ რაიმე სახის ინფორმაციას. არ ესწრებიან იმ მიზეზით, რომ აპროტესტებენ იმ სიტუაციასა და მოვლენებს, რომლებსაც ადგილი აქვს, კერძოდ, მათ მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკურ რეპრესიებს. იმიტომ, რომ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი”,- განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულების ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.