“საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი”: ორი თვითმფრინავის კატასტროფა პუტინის რუსეთის ბუნებას ნათლად აჩვენებს”

“საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი” თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, 8 იანვარს რაკეტის მოხვედრის შედეგად უკრაინის ავიახაზების “ბოინგ 737-ის” ჩამოვარდნას გამოეხმაურა.

განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ 8 იანვარს ირანში მომხდარმა ტრაგედიამ ყველას გაახსენა 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777-ის კატასტროფა, რომელსაც 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიებით დადგინდა, რომ კატასტროფა რუსული მიწა-ჰაერის ტიპის საზენიტო კომპლექს ბუკის გასროლის შედეგად მოხდა. გასროლა უკრაინელმა სეპარატისტებმა განახორციელეს, თუმცა რუსეთი დღემდე უარყოფს ამ დანაშაულთან ყველა კავშირს.

“ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ოფიციალურად აღიარა, რომ უკრაინის ავიახაზების ბოინგი 737, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, თეირანის აეროპორტის სიახლოვეს რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა. ირანის ოფიციალური პირები შემთხვევას „ადამიანურ შეცდომას“ მიაწერენ. უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა 8 იანვარს განიცადა. შემთხვევას 176 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ შემთხვევამ ყველას გაახსენა 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777-ის კატასტროფა, რომელსაც 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიებით დადგინდა, რომ კატასტროფა რუსული მიწა-ჰაერის ტიპის საზენიტო კომპლექს ბუკის გასროლის შედეგად მოხდა. გასროლა პრო-რუსი სეპარტისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. სეპარატისტებს მსგავსი შეიარაღება არ გააჩნდათ, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ კატასტროფა უშუალოდ რუსული შეირაღებული ძალების ქმედებამ გამოიწვია. მოსკოვი დღემდე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ინციდენტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ცნობისთვის: ირანის ისლამური რესპუბლიკა, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში ყოველთვის უარყოფითი კუთხით ხვდება. ირანში კატასტროფული მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ქვეყანაში ოფიციალურად მოქმედებს შარიათის კანონები. მხოლოდ 2019 წლის პირველ ექვს თვეში, ირანში 110 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. მათი ნაწილი საჯაროდ. ეს ორი კატასტროფა და მხარეთა შემდგომი რეაქცია, ნათლად აჩვენებს, პუტინის რუსეთის ბუნებას. ის მოქმედებს ისევე, როგორც ფუნდამენტალისტური რეჟიმები. ირანის შემთხვევაში, ჯერ კიდევ არსებობს მინიმალური შანსი, რომ კატასტროფა ადამიანური შეცდომით ყოფილიყო გამოწვეული. მალაიზიის ავიახაზების ბოინგის კატასტროფაში რუსეთის ბრალეულობა, ხანგრძლივი გამოძიების შედეგად დამტკიცებულია. ამის მიუხედავად, კრემლი თავხედურად უარყოფს მომხდართან ყოველგვარ კავშირს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები