ჰასან რუჰანი: ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებასთან დაკავშირებით
“ირანი რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა, მისი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და მასში გარეული პირები პასუხს აგებენ.
ასევე ირანის პრეზიდენტის თქმით, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა”.
„შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“,- წერს ჰასან რუჰანი.
შეგახსენებთ, 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.