ზაზა გაბუნია: საქართველოში ანაკლიის პორტი აშენდება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.
გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და კონსორციუმის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.
„საქართველოს ხელისუფლების ამოცანა იყო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი განეხორციელებია სწორედ კონსორციუმთან ერთად. ამისთვის სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი და თითქმის არაფერი გააკეთა კონსორციუმმა. ჩვენ ამ პროექტს განვუსაზღვრეთ კონსტიტუციური სტატუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ქონდა და ახლაც აქვს ღრმა ინტერესი და დიდი ძალისხმევა, რათა ეს პროექტი განხორციელებულიყო. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს – სახელმწიფომ 251 ჰა მიწა შეისყიდა და სახმელეთო სამუშაოებისთის გადასცა კონსორციუმს, ხოლო საზღვაო სამუშაოებისთის – 225 ჰა მიწა, 100 მლნ. სუბორდინირებული სესხი იქნა გამოყოფილი და ეს ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ.
სახელმწიფოს მომავალშიც ექნება ვალდებულებები ამ პროექტის მიმართ და სახელმწიფო მომავალშიც პირნათელი იქნება ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში. პროექტი აუცილებლად განხორციელდება და მე ამის საფუძველს მისი კონსტიტუციურობა მაძლევს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ კონსორციუმის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსორციუმს 400 მლნ. მობილიზების ვალდებულება ჰქონდა და მხოლოდ 75 მლნ-ს შეგროვება მოახერხა. მისივე შეფასებით, კონსორციუმის მიერ არ გატარდა ის ძალისხმევა, რაც ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ესაჭიროება
„სახელმწიფო იწყებს შესაბამის პროცედურებს რათა ტენდერზე გავიდეს პროექტი, შესაბამისად პერსპექტივა არის ფართო, დიდი. შესაძლებლობები საკმაოდ მაღალია. ევროკავშირმა ტრანსევროპულ სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრა ანაკლიის პორტი და ესეც მთავრობის და ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.