ჯემალ გამახარია: ხაჯიმბას „რეზიდენციაზე“ იერიში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მიიტანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში „პრეზიდენტის რეზიდენციაზე“ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა და პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივად მიიტანეს იერიში, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარიამ.
გამახარიამ სოხუმში დაწყებულ დაპირისპირებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პროცესები კრიმინალურ დაპირისპირებას, ასევე ძალთა გადანაწილებას უკავშირდება.
„ის, რაც გუშინ მოხდა და დღესაც გრძელდება, არ იყო მოულოდნელი. ყველა საუბრობს, რომ გუშინდელი მოვლენები არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია. ეს, რა თქმა უნდა, სწორია, თუმცა, გუშინდელი მოვლენების ხელმძღვანელი და ხელმძღვანელები იყვნენ არა პოლიტიკური პარტიები, იგივე კვიწინია, რომელმაც წააგო არჩევნები ხაჯიმბასთან, გაყალბების შედეგად, არამედ ერთი თვის წინ მოკლული კრმინალების ნათესავები, ახრა ავიძბას ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.